30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისთვის 1 წელი მაინც დაგვჭირდება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა საზოგადოებას COVID 19-თან ერთად და გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება 1 წლით მოუწიოს.

პაატა იმნაძის თქმით, მაქსიმალური შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებს მოუწევთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე უარის თქმა, რაც მოიცავს საოჯახო თუ მეგობრულ თავყრილობებს. 

"კოვიდ 19-თან" ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევებზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. მაგალითად, ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობების, მოგვიწევს ამაზე საკმაო ხნით გადაჩვევა. ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება, ამუშავდება, ნელ-ნელა. 

რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით "კოვიდ 19-თან" ცხოვრებას. 

რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ უშუალოდ ვირუსზე მოქმედი პრეპარატის შექმნის იმედი ზაფხულისთვის აქვთ. 

"ვაქცინას, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით. იმედია, რომ ვაქცინაზე გაცილებით ადრე გამოჩნდება ანტივირუსული, უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედი პრეპარატი. ამისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეიძლება უკვე ზაფხულშიც მოხდეს,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები