30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
სერგეი ლავროვის კრიტიკა და შეთავაზებები - რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, განიხილოს საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა, თუკი მსგავსი შემოთავაზება საქართველოს მხრიდან  იქნება. თავის გამოსვლაში ლავროვმა რუსოფობიად შეაფასა თბილისში გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული პროცესები და კვლავ ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირებისა და ავიამიმოსვლის აღდგენით მანიპულირება სცადა.

ამასთან, ლავროვი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის "ზოგჯერ აგრესიულია, რაც ხელს უშლის საზოგადოების სწორი განწყობების ჩამოყალიბებას."

სერგეი ლავროვის კრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა 2019 წლის 20 ივნისს წარმოთქმული სიტყვების გამო დაიმსახურა, როცა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს ოკუპანტი და რელიგიის წინააღმდეგ მებრძოლი უწოდა. რუსი დიპლომატის შეფასებას დღეს ზურაბიშვილი არ გამოხმაურებია. თბილისიდან პასუხი აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელს ქართველმა კოლეგამ გასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საპასუხო განცხადებაში შეეხო ავიამიმოსვლის აღდგენის, დიპლომატიური ურთიერთობის და საქართველოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით ლავროვის მიერ გაკეთებულ მინიშნებებს.

მორიგი პროვოკაცია და ცინიზმი - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში ლავროვის განცხადებას.

სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე სერგეი ლავროვის შეთავაზებას არასერიოზულს და, ამასთანავე, საშიშს უწოდებენ საერთაშორისო და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნით მოსკოვი აგენტურული ქსელის გაფართოებას ცდილობს

სერგეი ლავროვმა, ვიდეოკონფერენციის ფარგლებში, პუტინისა და სააკაშვილის მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო-რუსეთს შორის უნდა შექმნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი, თუმცა შეთანხმება რუსეთის ბაზების გაყვანის შემდეგ აღარ გაფორმდა. რუსმა დიპლომატმა ყველა ეს განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ქართველი პოლიტიკოსი მოდერატორმა წარადგინა, როგორც პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი.

დღის ამბები