30 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
COVID-19 და "შავი ოქრო" - პანდემიის გამო ნავთობის ფასის ვარდნის ისტორიული ნიშნული დაფიქსირდა

ისტორიაში პირველად მსოფლიო ბაზარზე ამერიკული და რუსული ნავთობის ფასი ნულს ჩასცდა და უარყოფით ნიშნულზე დაფიქსირდა. 20 აპრილის ვაჭრობის დასრულების შემდეგ ბარელის ღირებულება -2 -სა და -35 დოლარს შორის მერყეობდა. ე.წ. შავი ოქროს ფასზე მსოფლიო პანდემია უკვე ერთი თვეა, უარყოფით გავლენას ახდენს. შემცირებული მოთხოვნის ფონზე კი ირკვევა, რომ მთავარი მომხმარებელი ქვეყნების მაისის თვის მარაგები უკვე შევსებულია.

საქართველოში ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი შესაძლოა მოკლევადიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითი ზეგავლენის მქონე აღმოჩნდეს.

ეკონომიკის სფეროში მომუშავე ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავთობის გაიაფების ტენდენცია საქართველოს საცალო ვაჭრობის ქსელებში არარელევანტურად აისახა. პაატა ბაირახტარის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ფასების თითქმის 60%-იანი ვარდნის პარალელურად, ნავთობიმპორტიორებმა საქართველოში ფასი მხოლოდ 10 პროცენტის ფარგლებში შეამცირეს.

საცალო ქსელებში საწვავის ფასის შემცირების განსხვავებული მოლოდინი აქვს თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს. ეკონომიკის ანალიტიკოსის აზრით, იმპორტირებულ საქონელზე აქციზისა და ლოჯისტიკის ღირებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რაც ფასის მკვეთრ შემცირებას გამორიცხავს.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ისტორიული მინიმუმი, რომ საქართველოში საწვავის ფასს შეცვლის, ამას ნავთობიმპორტიორთა კავშირშიც ადასტურებენ. მსხვილი იმპორტიორი კომპანიების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძველი ფასით ნაყიდი ნედლეულის რეალიზაცია მიმდინარეობს. კავშირის ხელმძღვანელის მტკიცებით, საყოველთაო კარანტინის ფონზე, არსებული მარაგების გაყიდვის შემცირება საცალო ქსელში ფასების კიდევ უფრო დაწევის პროცესს რამდენიმე დღით გაახანგრძლივებს.

გაიაფების რა ახალ ნიშნულს მიაღწევს უახლოეს მომავალში ნავთობი, ჯერ უცნობია. პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, მთავარი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ყოველდღიურად ჭარბი ოდენობის ნედლეულს ამუშავებენ. ფასის ვარდნის ისტორიული ნიშნულის დაფიქსირების მიუხედავად, ოპეკი და მსხვილი მომპოვებლები ლიმიტების შემცირებაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ.

დღის ამბები