30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
მკვლელობა ზემო სვანეთში და ნათელმირონით დაკავშირებული მოკლული და ძებნილი - რა მოხდა მულახის სასაზღვრო პუნქტთან

ბესიკ ნავერიანს, რომელსაც საკუთარი მეწყვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ, სამართალდამცველები უკვე მეორე დღეა, ეძებენ. სავარაუდო დამნაშავის კვალი მულახის ნომერ მეორე სასაზღვრო პუნქტიდან იკარგება. მკვლელობის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

ასევე, დაუდგენელია მკვლელობაში ძებნილის ოჯახის ადგილსამყოფელიც. იმ მიზნით, რომ დაპირისპირება რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა, გვარებს შორის აღარ გაგრძელდეს, სოფელ ჟაბეშში უსაფრთხოებაზე პოლიცია ზრუნავს. სამართალდამცველები იცავენ ბესიკ ნავერიანის სახლს.

რა გახდა ორ მესაზღვრეს შორის მძიმე დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით ეს ჯერჯერობით დაუდგენელ საკითხზე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. როგორც გარდაცვლილის და "კურიერთან" ჰყვება, ბესიკ იოსელიანი ორდღიანი მორიგეობის შემდეგ სახლში მიდიოდა, რა დროსაც ისევ სამსახურში დააბრუნეს. ამ დროს მას ზურგიდან ორი ტყვია ესროლეს.

გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელში დღეს ჩაასვენეს. მულახში ფიქრობენ, რომ ეს ორი ოჯახის დიდი ტრაგედიაა, რადგან გარდაცვლილსაც და ძებნილსაც ნათელმირონობა აკავშირებთ. ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ დამნაშავე კანონის მიხედვით, მკაცრად დაისჯება.

ორი გასროლა, რომელმაც 36 წლის მამაკაცი იმსხვერპლა დღის საათებში მოხდა და სავარაუდოდ, კონფლიქტის თვითმხილველია სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც. თუმცა, დეტალებზე პოლიციის უფროსს საუბარი არ სურს.

იმის გამო, რომ დანაშაული, სავარაუდოდ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ჩაიდინა, საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაშიც არაფერია ნათქვამი, რატომ დაიწყო მულახში კონფლიქტი, რის გამოც დღეს ზემო სვანეთში გლოვაა.

დღის ამბები