30 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და როდის დაიწყება აკრძალვების შემსუბუქება - მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

პრეზიდენტის განცხადება პრაქტიკულად ბოლო აკორდი იყო საგანგებო მდგომარეობის ახალი ვადის ასამოქმედებლად. პრეზიდენტის ხელმოწერით შესაბამისი აქტი ძალაში უკვე შევიდა. თუმცა ვიდრე დოკუმენტი ათონელის რეზიდენციაში მოხვდებოდა, მან კანცელარია გამოიარა. სწორედ პრემიერ-მინისტრის წარდგინებისა და კონსტიტუციის 71-ე მუხლის საფუძველზე ამცნო პრეზიდენტმა ქვეყანას, რომ საქართველოს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრება კიდევ ერთი თვით, ანუ 22 მაისამდე მოუწევს. სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ამ სიახლის მოტივაცია არსებული შედეგის შენარჩუნებაა, მოქალაქეებს კი კანონის სრული დაცვისკენ მოუწოდა, რასაც პრეზიდენტის აზრით საფუძვლად არა ჯარიმების შიში, არამედ სამოქალაქო თვითშეგნება უნდა ედოს.

თავად მთავრობის მეთაური აქამდე სპეციალური რეჟიმის გახანგრძლივებას დაახლოებით 10 მაისამდე გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს, მოცემულობამ ვადის გახანგრძლივება განაპირობა. პრემიერს დღეს მედიასთან არ უსაუბრია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება პრეს-სპიკერმა გაახმოვანა. მათ შორის თქვა ის, რომ საგანგებო მდგომარეობა შეზღუდვების ნაწილის მოხსნას ხელს არ შეუშლის და მთავრობა ამას სულ მალე, ეტაპობრივად განახორციელებს. ასეთია მაგალითად საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა, რომელიც მართალია კვირის ბოლომდე გასტანს, თუმცა 27 აპრილს შეზღუდვა მოიხსნება. ჯანდაცვის სექტორში მინიმალური ზიანის მისაღებად სწორი ნაბიჯების აუცილებლობაზე დღეს ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა.

ყველაფერთან ერთად ცნობილი ხდება, რომ მთავრობა 24 აპრილს ანტიკრიზისულ გეგმასაც წარმოადგენს. ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ მას ორი ნაწილი ექნება: ერთი უშუალოდ მოქალაქეების დახმარების ხედვის, მეორე კი - ბიზნესის ჩიხიდან გამოყვანის გზებზე ფოკუსირდება.

ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიცია დიდი ინტერესით ელოდება. დოკუმენტის წარმოდგენის თარიღი მათთვის მიუღებელია, ხელისუფლების გადაწყვეტილება კი გაუგებარი.საპარლამენტო ოპოზიცია უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა მოითხოვს, რომ მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა სესიამდე წარმოადგინოს. რაც მათი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა. თუმცა, დოკუმენტი სესიიდან 2 დღის შემდეგ გასაჯაროვდება, სწორედ ამიტომ ოპოზიციის პოზიცია ცალსახაა - მხარდაჭერა არ იქნება.

ოპოზიციის წინააღმდეგობა დამატებითი ბარიერი ამ შემთხვევაში არ გახდება, რადგან "ოცნებას" მანდატები სავსებით ჰყოფნის. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ამ მოცემულობაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ლოგიკურია და მათი მხარდაჭერა მას აუცილებლად ექნება.

დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ხაზი არაერთხელ გაესვა იმას, რომ შეცდომების დაშვების უფლება ქვეყანაში არავის აქვს, რადგან კორონავირუსზე დიდი საფრთხე შეიძლება საქართველოს ეკონომიკურმა კრიზისმა შეუქმნას. სწორედ ამიტომ პროცესები მალე უნდა დაიძლიოს, სოციალური დისტანციის დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით - ამაში კი თითოეული მოქალაქის როლი გადამწყვეტია.

დღის ამბები