30 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსს კლავს, შემოდგომაზე უკვე იქნება - ამირან გამყრელიძე

ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანამ აქამდე გაატარა, იყო ძალიან დროული და მიზანდასახული, ის ყოველთვის იძლეოდა შედეგს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სწორედ ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში PCR-ზე დამყარებული ტესტების უკვე საკმაო მარაგია შექმნილი.

"სხვადასხვა გადაცემებში მოგაწოდებთ ინფორმაციას, რა ჯგუფებზე გაფართოვდება ეს, რომ ადრეულ ეტაპზე, რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები, თუ ისინი ინფიცირებული არიან. დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ ქობულეთში, ბოლნისში, სხვაგან და ძალიან მიხარია შედეგები, რომ 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ და იქ გაქვს 0 შემთხვევა, უკვე ნიშნავს, რომ შედეგს გაძლევს ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ. ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს იმიტომ, რომ წინ კიდევ შეიძლება და ასე იქნება, შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევების ზრდა იყოს რამდენიმე ათეული ყოველდღიურად, რამდენიმე ასეული, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის", -  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ შემოდგომისთვის იქნება ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსს კლავს, მანამდე კი საზოგადოებას შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდა. 

"მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება. მესმის, რთულია, ერთი კვირით კიდევ გადავადება და გაგრძელება მანქანებით მოძრაობის აკრძალვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა, სხვა გამოცდილება არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის. ვინც შედეგს მიაღწია, მიაღწია სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

იცით, რომ ჯერ ვაქცინა არ არის, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მაგრამ არ იქნება ის კიდევ ერთი წელი მაინც. ჯერჯერობით, პირდაპირი დანიშნულების, ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსს კლავს, არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შემოდგომაზე ის იქნება უკვე საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ კორონავირუსული ინფექციის, თუ იქნა შემოდგომაზე, ან როცა იქნება შემდგომ წლებში, ტალღები. მოგეხსენებათ, სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და ამის იმედი ყველას აქვს. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც დღეს გაჟღერდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში. გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, კიდევ ერთხელ. ეს ღონისძიებები არის მიმართული იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების, ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო გამოვა ძალიან ნაკლები დაზიანებით ამ პანდემიიდან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები