იაპონიაში საზოგადოებრივი დისტანციის შესახებ რეგულაციების შემოღებამ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები 80%-ით შეამცირა. აღნიშნულის შესახებ განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. სინზო აბეს თქმით, თუ მოქალაქეები თვითიზოლაციის პროცესის დასრულებას ნაადრევად შეეცდებიან, ვირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზრდება.
ამ დროის მონაცემებით, იაპონიაში 11 000 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, ლეტალურად 263 შემთხვევა დასრულდა.
"ჩვენ მივმართეთ საზოგადოებას თხოვნით, რათა მაქსიმალურად შეემცირებინათ ერთმანეთთან კონტაქტი, ჩვენი მიზანი იყო ამ გზით კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაახლოებით 70%-დან 80%-მდე შეგვემცირებინა, რაც გარკვეულწილად მოვახერხეთ კიდეც, თუმცა რჩება ადგილები, სადაც ეს დისტანცია კვლავ დაუცველია.
მოვუწოდებ კომპანიებს, საწარმოებს, ყველას, რათა მაქსიმალურად პირნათლად შესრულდეს ყველა ის პირობა, რაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობას კვლავ შეამცირებს," - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.