30 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
ე.წ. დაპაუზებული ეკონომიკა - ევროპის ნაწილმა შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო 

გერმანია, ავსტრია, თურქეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც COVID -19-ის გამო დაპაუზებული ეკონომიკის ამუშავებას ეტაპობრივად იწყებს. ევროპის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მცირე და საშუალო ბიზნესი გარკვეული შეზღუდვების პარალელურად ამოქმედდება.

ავსტრიასა და გერმანიაში არასასურსათო მარკეტების ნაწილი უკვე გაიხსნა. საქართველოს მეზობელი თურქეთი კი, მაისის ბოლოდან ტურისტების მიღებას გეგმავს.

პანდემიის დასრულებამდე საქართველოში ეკონომიკის მასტიმულირებელი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტებიც. მათი აზრით, დაბალი რისკის მქონე სექტორების ამუშავება და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა, ამ კუთხით ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი იქნება.

ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივ აღდგენას ვირუსის დამარცხების გარეშე პესიმისტურად უყურებს ეკონომისტთა ერთი ნაწილი. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის დივერსიფიკაცია და თვითდასაქმებულთა დახმარება მნიშვნელოვანი იქნება.

ადგილობრივი წარმოების სტიმულირებასა და საერთაშორისო გრანტების პრაგმატულად დაბანდებაში ხედავს გამოსავალს ეკონომისტების ერთი ნაწილი.

COVID -19-ის შემდგომ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ხელისუფლება გავლენიან ფინანსურ ორგანიზაციებთან უკვე თანამშრომლობს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში მსოფლიოს წამყვანი ფინანსისტები საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივებზე კვლევას ჩაატარებენ. 

ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კვლავ აქტიურად ცირკულირებს. COVID-19 ყოველდღიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და მილიარდობით დოლარის ეკონომიკას ანადგურებს.

 

 

 

დღის ამბები