30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული ყველაზე დიდი ჯგუფი ე.წ.ქობულეთის კლასტერია -დადგენილია 470 კონტაქტი

კორონავირუსიან პაციენტთან დაკავშირებული კლასტერებიდან საქართველოში ყველაზე დიდი ჯგუფი ე.წ. ქობულეთის კლასტერია. უკვე აღნიშნულ კლასტერთან დაკავშირებული 470-მდე კონტაქტია დადგენილი. იზოლირებულ პირებს კვლევები ეტაპობრივად უტარდებათ.

ბოლო მონაცემებით, ბათუმის "მედალფაში" ინფიცირებული 35 პაციენტიდან უმრავლესობა -34, სწორედ ქობულეთის კლასტერიდანაა.

ამავე ჯგუფთან არის დაკავშირებული ბოლო ინფიცირებული პაციენტი - 65 წლის ქალი, რომელსაც "კოვიდ-19" დღეს დაუდგინდა. 

ე.წ. სასწრაფოს ექიმების კლასტერთან დაკავშირებული 300-მდე კონტაქტია დადგენილი ბოლნისში.

ინფიცირებული 54 პაციენტიდან, დაახლოებით 30 პირს სასწრაფოს მედპერსონალთან პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა. "კურიერის" ინფორმაციით, მათ შორის არის ერთ-ერთი ინფიცირებული სასულიერო პირი, ბოლნისის სიონის მოძღვარი. მისი ჯანმრთელობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

იმისათვის, რომ კლასტერები არ გაიზარდოს, სადღესასწაულო დღეების შემდეგ თვითიზოლაციაში დარჩენას ურჩევენ ექიმები იმ მოქალაქეებს, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას ტაძრებში დაესწრნენ. 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 28 თებერვალს დადასტურდა. 2 თვეში ინფიცირებულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 95 პირი, გარდაიცვალა 4 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 500-ზე მეტი პაციენტია, სპეციალურ სივრცეში 5,000 მდე ადამიანი რჩება.

დღის ამბები