ახალი ზელანდია კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის ზომებს შეამსუბუქებს - როგორც France 24 წერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეძლეს, ვირუსის უკონტროლო აფეთქება შეეჩერებინათ.
"ჩვენ შევძელით, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო - გამანადგურებელი ტალღა შევაჩერეთ," - აღნიშნა ჯასინდა არდენმა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, მეოთხე დონიდან ქვეყანა 27 აპრილს მესამე დონეზე გადავა, ბიზნესი კვლავ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, გაიხსნება სკოლების ნაწილიც, ქორწილებისა და გასვენებებისთვის კი 10 ადამიანამდე შეკრებაა დაშვებული.
სოციალური დისტანციის მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.
"ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რისი მიღწევაც ერთად შევძელით, თუმცა ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ შევინარჩუნო მიღწეული შედეგი,“ - განაცხადა არდენმა.
ახალ ზელანდიაში სრული კარანტინი მარტის ბოლოს გამოცხადდა. დაიკეტა საზღვრები, მოსახლეობას მოუწოდეს, სახლში დარჩენილიყვნენ. დაიხურა ბიზნესის უდიდესი ნაწილი.
მკაცრი რეგულაციების შემოღებამ ახალ ზელანდიას მისცა საშუალება, ვირუსის შეკავებაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა - ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 5 მლნ ადამიანს შეადგენს, ინფიცირების 1100 შემთხვევა დადასტურდა, 974 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი.