30 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
უბედურების ზონად გამოცხადებული ამერიკის ყველა შტატი - "კურიერის" რეპორტაჟი ვაშინგტონიდან

დაკეტილი მაღაზიები, რესტორნები, სკოლები და გასართობი სივრცეები - ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი მეგაპოლისები ცარიელია.

"კურიერის" კამერამ დღეს ის ქუჩები გადაიღო, სადაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ათასობით ადამიანი დადიოდა. ამერიკის ისტორიაში პირველად 50-ვე შტატი უბედურების ზონად არის გამოცხადებული. ზესახელმწიფო ამ დრომდე ვირუსის გავრცელებითა და სიკვდილიანობით პირველ ადგილზე რჩება. ადგილობრივები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

სახლში დარჩენის მოწოდების მიუხედავად ვაშინგტონის მაცხოვრებლების ნაწილი ქუჩაში სასეირნოდ მაინც გამოდის, ასეირნებენ ბავშვებს და მზიან დღეებს ღია ცის ქვეშ ატარებენ. ვაშინგტონელები ტრადიციას არ ღალატობენ და სავარჯიშოდაც ყოველდღიურად გამოდიან. ქუჩაში გასვლა საღამოს 8:00 საათის შემდეგ არის აკრძალული. ადგილობრივების ნაწილი პანდემიის გამო განსაკუთრებით არ ღელავს.

ამ დროისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ის 614 ათასზე მეტი შემთხვევაა, გარდაცვლილია 26 ათასი ადამიანი. ზოგიერთ შტატში სხვა შტატიდან ჩასულებსაც კარანტინის დაცვა მოეთხოვებათ. განსაკუთებული ზიანი ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებს მიადგა. ეს ორი შტატი წითელ ზონებადაც კი გამოცხადდა. ნიუ-ჯერსიში 65 ათასი ინფიცირებულია, ნიუ-იორკში კი 202 ათასზე მეტი. როგორც მოქალაქეები "კურიერთან" ამბობენ, გამოსავალი სოციალური დისტანცირების დაცვაა. 

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ზიანით მიყენებულ ზარალს ითვლის. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ ადგილობრივ მთავრობებს ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსება მოსთხოვონ. სენატმა ანტიკრიზისული გეგმისთვის უპრეცენდენტო ბიუჯეტი დაამტკიცა. 

მარტის დასაწყისში შეერთებულ შტატებში სულ 70 შემთხვევა იყო და ისიც მოგზაურობის ისტორიასთან დაკავშირებული, ახლა გარდაცვლილთა რაოდენობა, დღეში საშუალოდ ათასით იზრდება. ეპიდაფეთქების შემდეგ კლების ტენდენცია ჯერჯერობით არ დაწყებულა.

დღის ამბები