30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
COVID-19-ის 4 მსხვერპლი და 86 გამოჯანმრთელებული პაციენტი - კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა საქართველოში

საქართველოს COVID-19-ის კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს. მეოთხე გარდაცვლილიც ქალია. 74 წლის პაციენტი ბათუმის "მედალფაში" 8 აპრილს შეიყვანეს. ის ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იყო. COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის გარდა, ინფიცირებულ ქალს, არაერთი თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა. 

COVID-19 დაუდასტურდა თბილისში სუპერმარკეტ "სმარტის" რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს. ინფორმაცია კომპანიამ თავად გაავრცელა. ობიექტში, რომელიც ამ დროისთვის მომხმარებლებს უკვე იღებს, სადეზინფექციო სამუშოები დილით ჩატარდა.

"სმარტის" წარმომადგნელებს განმარტება მედიასთან არ გაუკეთებიათ. გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ თანამშრომლები, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში არიან. კომპანია ამ ფაქტის გამო, დასაქმებულების გარდა, მომხმარებლების თერმოსკრინინგსაც ჩაატარებს. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში 4-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლნისში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს. ერთ-ერთი ინფიცირებული ქალი, რომლის პასუხებიც დღეს დილით გახდა ცნობილი, სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა. ვირუსის დადასტურებამდე ის თვითიზოლაციაში სახლში იმყოფებოდა. 

COVID-19 ორ პაციენტს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაუდასტურდა. ერთ-ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კოვიდინფიცირებული ტუბერკულოზის ცენტრიდანაც შეიყვანეს. სულ კლინიკაში ამ დროისთვის 68 პაციენტია. აქედან COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი 36-ს აქვს.

45 ინფიცირებული ჰყავს ინფექციურ საავადმყოფოს, იქ გუშინდელთან შედარებით მონაცემები არ შეცვლილა. მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა. საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 108 პაციენტი, აქედან COVID-19-ით ინფიცირებული 91 მათგანია. 10 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტიც ჰყავს. 

COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით არც ერთი პაციენტი აღარ მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. პაციენტი ახლა 2 კვირიან კარანტინს გაივლის. 

ქვეყანას ამ დროისთვის COVID-19-ის 394 დადასტურებული შემთხვევა აქვს. გამოჯანმრთელებულია 86. გარდაცვლილი - 4.

ინფიცირების მზარდი შემთხვევების ფონზე სპეციალისტები განსაკუთრებით ხაზგასმით გვთხოვენ, მოითხოვენ და მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სახლში და ამით გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

დღის ამბები