30 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ტაძრებში მრევლი იკრიბება - მათ ნაწილს ეკლესიაში შესვლამდე თერმოსკრინინგის გავლა უწევს

კორონავირუსის ეპიდაფეთქების საფრთხის მიუხედავად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სააღდგომო ლიტანიობა ტრადიციების დაცვით, მრევლის თანდასწრებით ჩატარდება. საღვთო ლიტურგია ტაძარში 11 საათზე დაიწყება, თუმცა ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათის გამო მრევლი ტაძარში უკვე შეკრებილია. მონასტერში დამონტაჟებულია ხმოვანი აპარატურა, მონიშნულია ადგილები, სადაც მრევლი განთავსდება.

ადგილზე განმარტეს, რომ ღამისთევაზე მისულ მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებით თერმოსკრინინგით შეამოწმებენ და სადეზინფექციო ხსნარებს დაურიგებენ.

კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგიის წესები არც ქუთაისში შეცვლილა. ბაგრატის ტაძარში მრევლი უკვე შეკრებილია. მორწმუნეების ნაწილმა გზა ტაძრამდე ფეხით, ნაწილმა კი ველოსიპედით გაიარა. წინამძღვარი დარწმუნებულია, რომ მრევლი წესებს არ დაარღვევს და დისტანციას დაიცავს.

სააღდგომო ლიტურგიის წესები არც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში შეცვლილა. პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანებს ასეთი შეზღუდვებით ცხოვრება მოუწევთ.

დილით ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში. გამონაკლისია მარტვილის საკათედრო ტაძარი, რომლის ეზოშიც მრევლის ნაწილი მაინც შეიკრიბება. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლი ლიტურგიას ღამის 11 საათიდან დაიწყებს. მეუფე მრევლს მოუწოდებს, ღამით ტაძარში მხოლოდ ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც ეზიარებიან.

სადღესასწაულო წირვა გურიაშიც გაიმართება. თუმცა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოძღვარმა მრევლს მოუწოდა, რომ ადამიანს, რომელსაც რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება, ან ასაკობრივი შეზღუდვა აქვს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ტაძარში არ მივიდეს და მას ეს ცოდვად არ ჩაეთვლება.

მლოცველებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა. განცხადება მეუფემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ახლა სახელმწიფოსა და ექიმებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში დახმარება სჭირდებათ.

ცარიელ ტაძარში ჩაატარებს საღვთო ლიტურგიას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრიც. ეპარქიაში უსაფრთხოების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. სააღდგომო ლიტურგიისთვის თვალყურის დევნებას მრევლი პირდაპირ ეთერში შეძლებს.

მოქალაქეები ტაძარში დილის 7 საათიდან მივლენ. მამა იოანე გორელიშვილის განცხადებით, აღდგომის დილას დაგეგმილ ღვთისმსახურებაზე მრევლი და სასულიერო პირებიც პირბადეებით იქნებიან. დეკანოზის თქმით, ისინი ითვალისწინებენ ექიმების რეკომენდაციებს, ამიტომ მოუწოდებენ მრევლს, სიწმინდეებს პირბადით ემთხვიონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.

საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში რიგი აკრძალვები მოქმედებს, მათ შორის, კომენდანტის საათი. სააღდგომო ლიტურგიაზე მისულ მრევლს კი ტაძრის ეზოებში 9 საათზე მეტხანს მოუწევთ ყოფნა და ეკლესიების დატოვებას დილის ექვსი საათის შემდეგ შეძლებენ.

დღის ამბები