30 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ბოძები, რომლებზეც ოკუპანტები, სავარაუდოდ, მავთულხლართებს გააბამენ - მიწის ნაკვეთები კიდევ 20-მდე ტახტისძირელმა დაკარგა

ვასილ სომხაძე მწყემსია, ბოლოს რუსი ოკუპანტი საკუთარ სოფელში 2 წლის წინ ნახა, გუშინ კი მისმა თანასოფლელებმა უთხრეს, რომ საკუთარ ნაკვეთებში მოულოდნელად ჩარჭობილი ბოძები აღმოაჩინეს. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქეებმა კარგად იციან, ეს რასაც ნიშნავს - ბოძებზე რუსი სამხედროები მავთულხლართებს გააბამენ.

რიტა ახალკაცი ერთ-ერთია, ვის ნაკვეთშიც ახალმა საოკუპაციო ხაზმა გაიარა. თანასოფლელების მსგავსად, რუსი ოკუპანტები საკუთარ ნაკვეთში შემთხვევით, საგაზაფხულო სამუშაოების შესრულების დროს აღმოაჩინა. რიტა ახალკაცთან ერთად, საარსებო წყარო ნაკვეთის სახით კიდევ დაახლოებით 20-მა ტახტისძირელმა დაკარგა. მიწაზე, რომელიც ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა, სოფელს ხეხილის ბაღები აქვს გაშენებული. ადგილობრივების თქმით, საფრთხე მეზობელ სოფელ დირბსაც ემუქრება.

ის, რაც ახლა ტახტისძირელებს აწუხებთ, ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უნდა გამხდარიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრები გაუქმდა და თანათავმჯდომარეები მხოლოდ განცხადებას ავრცელებენ. საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეები გაეროს გენერალური მდივნის განცხადებასაც კი იშველიებენ პანდემიის დროს ბრძოლის შეწყვეტაზე და აცხადებენ, რომ დისკუსიის ყველა მონაწილემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც, შესაძლოა, დაძაბულობა გამოიწვიოს.

მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკაზე, ჟენევის თანათავმჯდომარეებამდე, განცხადება საქართველოს სტრატეგიულმა მოკავშირემ გაავრცელა. საქართველოში ამერიკის დიპლომატიური მისიის განცხადებაში ვაშინგტონი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს და მოუწოდებს უკანონო ე.წ. საზღვრების გავლება შეწყვიტოს.

ოკუპანტთა ქმედება დაგმო ევროკავშირის ელჩმაც საქართველოში, თუმცა პარტნიორების მხრიდან დაგმობას, ჯერჯერობით, საოკუპაციო ძალის მხრიდან პოზიციების შეცვლა არ მოჰყოლია. მართალია, დღეს ტახტისძირში ოკუპანტები არ გამოჩენილან, მაგრამ სოფელთან დამონტაჟებული ბოძები და საგუშაგო პუნქტი ადგილობრივებს მუდმივად ახსენებს, რომ ოკუპანტი ახლოსაა და ჯერჯერობით, არსად წასვლას არ აპირებს. 

დღის ამბები