30 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ინფიცირებული ექიმები, სასულიერო პირები - კორონავირუსის შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით მატულობს

მარტყოფის მონასტერში კარანტინია. თვითიზოლაციაში იმყოფება 80-მდე ადამიანი. კომპლექსის კარი, რომელიც ერთი კვირის წინ დაიკეტა, უცხო პირებისთვის 26 აპრილამდე არ გაიხსნება. მიზეზი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. ქალი მონასტრის მრევლი, უფრო ზუსტად კი წინამძღვრის, მამა ბენიამინის, სულიერი შვილია. ის მონასტერში ბზობის წინა დღეს ჩავიდა და მოძღვარს აღსარება ჩააბარა. მას შემდეგ, რაც ქალს ვირუსი დაუდასტურდა, მღვდელი თვითიზოლაციაში გადავიდა. წინამძღვართან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში მოექცნენ სხვა სასულიერო პირებიც.

იმავე ქალის გამოა დაკეტილი წყნეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც. ჩაკეტილ ეკლესიაში, უკვე სამი დღეა, მღვდელი და 6 მორჩილი რჩებიან.  ახალგაზრდა ქალი, კოვიდ-19-ის დადასტურებამდე, ტაძარში ხარების დღესასწაულზე იმყოფებოდა. ინფიცირებულის კონტაქტებს შორისაა მოძღვარიც და მრევლიც. წყნეთის ეკლესიაში ღვთისმსახურებას მრევლი კიდევ 14 დღე ვერ დაესწრება. ტაძარში დღეს არც სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება. კოვიდ-19-ის დადასტურების შესახებ ქალმა ინფორმაცია თავად გაასაჯაროვა.

კორონავირუსის დიაგნოზით წევს კლინიკაში ბოლნისის სიონის მოძღვარი. სასულიერო პირის ინფიცირების წყარო უცნობია. წყნეთისგან განსხვავებით, მღვდელს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტაძარში წირვა მორწმუნეების გარეშე ტარდება.

უკვე ერთი კვირაა, მკურნალობს ვერის ეკლესიის მღვდელიც. ვისგან გადაედო სასულიერო პირს კოვიდ-19, დადგენილი არ არის, თუმცა, ცნობილია, რომ სწორედ ვერის ეკლესიის წინამძღვარს უკავშირდება კლინიკა "თიმის" კარანტინში გადასვლა, სადაც მღვდლის და მუშაობს. სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, საყურადღებოა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

სასულიერო პირის გარდა, საყურადღებოა კიდევ 10 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. სულ სამედიცინო დაწესებულებას კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 24 პაციენტი ჰყავს. 88 ინფიცირებული მკურნალობს საუნივერსიტეტო კლინიკაში, აქედან 9 რეანიმაციაში რჩება. ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 45 პაციენტი ჰყავს. 8-ის მდგომაროება მძიმეა.

ტუბერკულოზის ცენტრში, სადაც ცხელების განყოფილებაც ფუნქციონირებს, დღეს კოვიდ-19 პირველად დადასტურდა. ვირუსი სამ პაციენტს აღმოაჩნდა. ისინი კლინიკებში უკვე გადაიყვანეს.

იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონებშიც. ქუთაისში კოვიდ-19 ერთ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს, მას მოგზაურობის ისტორია აქვს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 4-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარაში. ოთხივე საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. ერთი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, 3-ს კი თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის 45 თანამშრომელსა და 7 პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, რომელიც კლინიკაში რეანიმაციაში მკურნალობდა და ინფიცირებული იყო. ის ჰოსპიტალში 6 აპრილს შევიდა, პირველმა შემოწმებამ კორონავირუსი არ აჩვენა, თუმცა, როგორც ჰოსპიტალის ხელძღვანელი ყვება, მოგვიანებით პაციენტი, როგორც ინფიცირებულის კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ოქროს სტანდარტით შეამოწმა, რის შედეგადაც ვირუსზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ კლინიკა კარანტინში გადავიდა.

ინფიცირების მზარდი შემთხვევების ფონზე, სპეციალისტები განსაკუთრებით ხაზგასმით გვთხოვენ, მოითხოვენ და მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სახლში და ამით გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

დღის ამბები