30 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
ლოცვა პირბადეებითა და დისტანციით - მართლწესრიგის ოფიცრები თბილისში მდებარე ტაძრებთან არიან მობილიზებული

სამების საკათედრო ტაძარში, შუაღამის ჟამის დაწყებამდე, დილიდან ბოლო სამზადისი იყო. ეკლესიის ეზო და ტაძარი სპეციალური ხსნარით დამუშავდა. სადეზინფექციო სამუშაოების დაწყებამდე მრევლისთვის დამატებითი სივრცეები მოინიშნა, დამონტაჟდა ხმის გამაძლიერებლებიც. ღვთისმსახურება საკათედრო ტაძარში 10 საათიდან დაიწყება. საქართველოს პატრიარქს კი 11 საათიდან ელიან.

დღეს საქართველოს ისტორიაში ტაძრებში ყველაზე უჩვეულო ლიტანიობა და სააღდგომო საღვთო ლიტურგია გაიმართება, რა დროსაც მორწმუნეები და სამღვდელოება დისტანციით და პირბადეებით ილოცებენ.

ტაძრებში მსახურების დროს ყველა სტიქაროსანს ერთი დავალება აქვს - მრევლს პირბადეები დაურიგონ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდონ, მაგრამ ამ პროცესს დამატებით შინაგან საქმეთა სამინისტროც გააკონტროლებს. მართლწესრიგის ოფიცრები ტაძრების ეზოებთან უკვე მობილიზებულები არიან და მრევლის მოსვლას ელიან. სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება დღეს 22 საათიდან დაიწყება. სხვა ეკლესიების მსგავსად, ეზოში ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული და მონიშნულია მრევლის დასადგომი ადგილები. მღვდლები ამბობენ, რომ ტაძრის კარს მრევლისთვის ვერ დაკეტავენ, მაგრამ მორწმუნეებს მოუწოდებენ, დაიცვან მთავარი რეკომენდაცია და სახლში დარჩნენ.

ლურჯ მონასტერში, მოსახლეობის ჯანრთელობის დაცვის მიზნითა და ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო მონასტრის წინამძღვარმა მამა დავით შარაშენიძემ. აღდგომის ღამეს ღვთისმსახურება ამ ტაძარში საერთოდ არ შესრულდება და ლიტანიობა მხოლოდ დილით გაიმართება. ტაძრის შესასვლელთან კი არის წარწერა, რომლის მიხედვითაც, ეკლესიაში 8 პირზე მეტი არ დაიშვება. ხვალ დილით მსახურება ღია ცისქვეშ გაიმართება. ამ ფორმით ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი კომენდანტის საათსაც არ დაარღვევენ.

გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში. ვაკეში მდებარე ამ ტაძარში მთელი კვირა დიდი სამზადისი იყო, რომელიც დღესაც გაგრძელდა. ამ დროისთვის ეკლესიის ეზოში ათობით სკამი დგას, ტაძარში კი აღდგომის ლიტურგიამდე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ტაძრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით, მზად არის ახლოს მდებარე ყოფილი სემინარიის შენობაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 2 000-მდე მორწმუნეს დაიტევს.

მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება თბილისის ჯვართამაღლების ტაძარში. გადაწყვეტილების შესახებ ვიდეომიმართვა ტაძრის წინამძღვარმა თეოდორე გიგნაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დეკანოზი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მრევლს არ უნდა დაეკისროს.

დღეს მრევლისთვის ტაძრამდე მისასვლელი გზა რთული აღმოჩნდა. მრევლის ნაწილმა ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია გაითვალისწინა და აღდგომის დღესასწაულს სახლში შეხვდება, ნაწილი კი სასულიერო პირების კურთხევას ენდო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მორწმუნეების საღ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე და ეპიდაფეთქების შეჩერება.

დღის ამბები