30 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ცარიელი ეკლესიები და მდუმარება მაცხოვრის ტაძარში - პანდემიამ საეკლესიო ტრადიციები იერუსალიმშიც შეცვალა

მაცხოვრის ტაძარში დღეს სიჩუმე მხოლოდ ზარების ხმამ დაარღვია. წმინდა ცეცხლი ცარიელ კედლებში თბილისის დროით ზუსტად 14 :51 საათზე გადმოვიდა. სამყაროს უხილავი მტრის გამო საქრისტიანოს დიდი შაბათის საიდუმლოს ათასობით მორწმუნის ნაცვლად პირველად ტაძარში მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი ელოდებოდა. კუვუკლიადან ცეცხლი, ტრადიციულად, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. 

წმინდა ცეცხლი გარდამოსვლის შემდეგ ტაძრის ბერძენმა მღვდელმსახურებმა იერუსალიმის ძველი ქალაქის ჭიშკართან მიიტანეს და სხვადსხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს გადასცეს, მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც. წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში ჩაიტანენ. იმის გამო, რომ მკაცრი კარანტინი მოქმედებს, იერუსალიმში ჩასული ქვეყნების დელეგაციებს თვითმფრინავის ბორტის დატოვების უფლება არ აქვთ. 

პანდემიის გამო იერუსალიმში დაირღვა ტრადიციაც, რომელიც პილიგრიმების გზას - გოლგოთას გზას უკავშირდება და რომელსაც მართლმადიდებლები წითელ პარასკევს გადიან. აპრილის ამ დღეებში, იერუსალიმის ქუჩებში 30 000-მდე პილიგრიმი გამოდის, მაგრამ დღეს ქალაქი დაცარიელებული იყო. ქრისტიანებისთვის და იუდაიზმის მიმდევრებისთვის დღესასწაულის ცენტრი იერუსალიმი უნდა გამხდარიყო, თუმცა კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. 

კორონავირუსმა შეცვალა ქრისტიანული დღესასწაულების მთავარი რიტუალები - ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები დარჩნენ. მართლმადიდებლური სამყაროს დიდმა ნაწილმა საღმრთო ლიტურგიის ჩატარება მრევლის გარეშე გადაწყვიტა. უკრაინაში, სადაც მხოლოდ დღეს კოვიდ-19 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო. წესრიგს 30 000 პოლიციელი იცავდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მრევლი გააფრთხილა, რომ აღდგომის დღესასწაულებზე სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების სხვა ზომების მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, სპეციალური დანიშნულების ძალებს გამოიყენებდა. ვლადიმირ ზელენსკიმ კი მოქალაქეებს უთხრა, რომ თუ წესებს არ დაიცავდნენ, დღესასწაულის შემდეგ კოვიდ-19-ით, შესაძლოა, მოსახლეობის 2-10 პროცენტი დაინფიცირდეს.

"დღეს თითოეული მორწმუნე ადამიანის სახლი მცირე სამლოცველოა, სადაც მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ლოცვით უნდა შევხვდეთ" - ასე მიმართა მრევლს სერბეთის პატრიარქმა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეკლესია მრევლის გარეშე ხვდება. მრევლის გარეშე რელიგიური რიტუალის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც.

რუსეთის ეკლესიებში კი სააღდგომო ლიტურგია პოლიციის თანხლებით ჩატარდა, მიუხედავად პატრიარქ კირილის მოწოდებისა, საზოგადოების ნაწილმა ტაძარში მისვლა მაინც გადაწყვიტა. სასულიერო პირების თქმით, მრევლის დიდი ნაწილი ტაძარს ღამით ეწვევა.

სახელმწიფოს მხრიდან შემოღებული მკაცრი აკრძალვების ფონზე ჩატარდა ღვთისმსახურება საბერძნეთშიც, სადაც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გაითვალსწინა მთავრობის რეკომენდაცია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. პანდემიისგან გამოწვეული რისკების გამო, წმინდა ცეცხლი, რომელსაც საბერძნეთში ჩაიტანენ, ტაძრებში აღდგომის ღამით არ გადანაწილდება და ის ათენში დარჩება.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც მოხვდა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. CNN- მა დაწერა, რომ შესაძლოა, ქვეყანა სერიოზული გამოცდის წინაშე დადგეს და წირვა-ლოცვა სასიკვდილოც აღმოჩნდეს. 
მსგავს საფრთხეებს ხედავს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა - Associated Press, სადაც ნათქვამია, რომ დღესასწაულებმა, შესაძლოა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაზარდოს. 

დღის ამბები