30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ერთი დღე აღდგომამდე - ტაძრები ღამისთევისთვის ემზადებიან, უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირები კი საფრთხეებზე საუბრობენ

სამების საკათედრო ტაძარში აღდგომისთვის ბოლო სამზადისი დაწყებულია. ეკლესიის ეზოში მრევლის დასახვედრად დამატებითი 200-მდე ახალი ადგილის მონიშვნა დაიწყეს. ხვალიდან დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლებიც, მრევლის დასახვედრად მოამზადებენ ახალგაზრდულ ცენტრსაც. მანამდე სამების ტაძარში 400 ადამიანზე გათვლილი სტიკერი დააკრეს. ეზოში კი 2000-მდე ადგილი მონიშნეს.

საეკლესიო ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღის აღნიშვნა დღეს ტრადიციულად 2 საათზე დაიწყო. გარდამოხსნის მსახურება მღვდლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. პირველად წლების განმავლობაში წითელ პარასკევს ტაძარში დატირება არ შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში მრევლს სტიქაროსნებმა პირბადეები დაურიგეს და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს. ღვთისმსახურებაზე ყველა პირბადით იდგა, გარდა ეპისკოპოსებისა.

გარდამოხსნის მოსასმენად მრევლი ტაძრამდე ფეხით მივიდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, მათ ეკლესიამდე ფეხით მისვლა აღდგომის ღამესაც მოუწევთ. მათგან განსხვავებით, ახალი შეზღუდვა არ ვრცელდება მღვდლებზე, მედავითნეებზე, სტიქაროსნებსა და ეკლესიის თანამშრომლებზე. მათთვის სპეციალური სიები მომზადდება.

დეკრეტში შეტანილი ცვლილებით უკმაყოფილოები არიან გავლენიანი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. ეპისკოპოსები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ იყო, თავად კი სააღდგომოდ ცვლილებებს აღარ გეგმავენ. მათი თქმით, ხელისუფლებას არჩევანის თავისუფლება აქვთ, მაგრამ მათ მრევლის პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინათ. ბოდბელი ეპისკოპოსი უკვე მეორე დღეა ეპიდემიოლოგებს აკრიტიკებს და საუბრის ტონს და კვალიფიკაციას უწუნებს. გარდაბნის ეპისკოპოსი კი მიიჩნევს, რომ ეკლესიამ პოზიცია არ უნდა დათმოს. 

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ადამინების ჯანმრთელობა მრევლის ხელში აღმოჩნდა. ბასილ კობახიძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ საპატრიარქოს პოზიციას ამბიონიდან ბოლო დღეებია მეუფე იობი აჟღერებს, რომელიც ქადაგებებში კობახიძის თქმით, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. თეოლოგის თქმით, საფრთხე მხოლოდ აღდგომის ლიტანიობის დროს არ არის და ის ვირუსის საშიშროებას ტაძარში ყოველდღიურ შეკრებებშიც ხედავს.

საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების გამო საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სამგვერდიან გზავნილში მათ განმარტეს, რა საფრთხეები არსებობს და როგორ უნდა მოიქცეს მრევლი. 13 სასულიერო პირის წერილს 16 თეოლოგიც უერთდება. მათი თქმით, აუცილებელია მრევლთან ერთად დროებით უარი თქვან ლიტურგიულ ცხოვრებაზე და მრევლმა სახლში ილოცოს. 

სააღდგომო სამზადისი და განრიგის გადანაწილების პროცესი ამ დრომდე გრძელდება სხვა ეპარქიებში. სასულიერო პირების დიდი ნაწილი საპატრიარქოს რეკომენდაციასა და გადაწყვეტილებას მიჰყვება. საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში სააღდგომო ლიტანიობა ღამით შესრულდება. მრევლს ტაძრამდე ფეხით მისვლა 9 საათამდე მოუწევს, შინ დაბრუნებას კი დილის 6 საათის შემდეგ შეძლებენ. მორწმუნეების დიდი ნაწილი ღამეს ღია ცის ქვეშ გაათენებს. 

დღის ამბები