30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
გაჩერებული მოძრაობა და დაცლილი ცენტრალური ქუჩები - COVID-19-მა მსოფლიო მეგაპოლისების შემდეგ თბილისიც გააჩერა

COVID-19-მა მსოფლიო მეგაპოლისების შემდეგ თბილისიც გააჩერა. მოძრაობა შეჩერებულია ქალაქის მთავარ გამზირებზე, დაცლილია ცენტრალური ქუჩები, ტურისტული ცენტრები. გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით. საქართველო პანდემიის უკონტროლო გავრცელების ზღვარზეა და ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ იმ კერძო ავტომობილების მფლობელებისთვის, ვისაც სპეციალური საშვი აქვს და პანდემიის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.

აკრძალვები არ ვრცელდება აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მქონე პირებზე. დღეიდან ყველა მოქალაქე და იურიდიული პირი ვალდებულია დახურულ სივრცეში გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი რეგულაციების მიხედვით კანონდამრღვევს სანქცია 15 000 ლარის ოდენობით დაეკისრება.

შეზღუდვა არ ეხება საკურიერო მომსახურებას. მათი განცხადებით, დამატებითი რეგულაციების ამოქმედების პარალელურად მოთხოვნა მომსახურებაზე მეტად გაიზარდა.

გამკაცრებულმა ზომებმა მოქალაქეების ნაწილს პრობლემები შეუქმნა. მათ, ვინც შეზღუდვების ამოქმედებამდე პროდუქტის შეძენა ვერ მოასწრეს, დღეს სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან გრძელ რიგებში დგომა მოუწიათ, ხშირ შემთხვევაში ფიზიკური დისტანციის დაცვით, თუმცა იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეები სპეციალისტების ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდნენ და პოლიციის ჩარევაც გახდა საჭირო.

თბილისელების ნაწილი აცხადებს, რომ გამკაცრებულ ზომებს მოუმზადებლები ხვდებიან, ნაწილი კი ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში სრული კარანტინის ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადება გახდეს საჭირო.

 

დღის ამბები