30 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
დამატებითი შეზღუდვებით საპატრიარქო უკმაყოფილოა -ოპოზიციისთვის გაუგებარია რატომ უნდა ათანხმებდეს მთავრობა გადაწყვეტილებებს საპატრიარქოსთან

მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების სრულად შეზღუდვამ საპატრიარქოს უკმაყოფილება გამოიწვია. განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, წერია, რომ ზომების გამკაცრება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და რომ ეს ყველაფერი მორწმუნეების წინააღმდეგ არის მიმართული.

საპატრიარქოს განცხადებაზე მთავრობის წევრებს დღეს განმარტება არ გაუკეთებიათ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ შეზღუდვების დამორჩილება ყველასთვის სავალდებულო იქნება და არც კომენდანტის საათის დარღვევას დაუშვებენ.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ათანხმებდეს მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებებს საპატრიარქოსთან - ახსნასაც თვითონვე პოულობენ და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლებაც და საპატრიარქოც საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. თუმცა, უფრო მეტ პასუხიმგებლობას ხელისუფლებას სთხოვენ და ამბობენ, რომ შეზღუდვები ყველამ უნდა დაიცვას და გამონაკლისი არც ეკლესია უნდა იყოს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმითვე, მთავრობა, ერთი მხრივ, ამკაცრებს ზომებს, თუმცა ის ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ ვრცელდება. ამის გამო კი კანონმორჩილი მოქალაქეები ზარალდებიან.

ოპონენტები პრობლემას იმაშიც ხედავენ, რომ გუშინ გვიან ღამით მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა, რადგან ისედაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადაადგილების უფრო შეზღუდვას სათანადოდ მომზადებულები ვერ შეხვდნენ.

მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ზომების გამკაცრება მხოლოდ ინფექციის ფართოდ გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული და გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვაც სწორედ მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეზღუდვები დღეს დილის 12 საათიდან გამკაცრდა და ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად აიკრძალა, მომავალ კვირას კი საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ, 10 მაისამდე გახანგრძლივდება.

დღის ამბები