30 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
უკვე ძალიან ბევრი დაინფიცირებულია, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, მოერიდეთ ოჯახის წევრებსაც - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს COVID 19-ით ინფიცირების ბევრი შემთხვევა, როდესაც დაავადებულმა ადამიანმა არც კი იცის ამის შესახებ.

პაატა იმნაძემ მოუწოდა ყველას, დაიცვან დისტანცია ყველგან, საკუთარ ოჯახშიც კი.

"სამწუხაროდ, საზოგადოებაში უკვე არის შემთხვევები (და არ არის ეს ცოტა), რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ისინი ჩვენ გვერდით არიან. ისინი ჩვენ შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ. ამიტომ, დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე, დღეს კიდევ უფრო აუცილებელია, სამწუხაროდ, მოვერიდოთ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ვინც აუცილებელ სამსახურებში არიან, უნდა გააგრძელონ თვიანთი სამსახური, მაგრამ ისინი, როცა ბრუნდებიან ოჯახებში, უნდა მოერიდონ თავისი ოჯახის წევრებს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, როცა ისინი მათ შეხვდებიან მაღაზიებში იქნება, სუპერმარკეტში თუ სხვაგან. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ. ამიტომ, გთხოვთ ყველას, მკაცრად დავიცვათ რეგულაციები და ამითი გავუფრთხილდეთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები