30 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
აღდგომის მოახლოებასთან ერთად მსოფლიო ეპიდაფეთქების მოლოდინშია - კორონავირუსის წითელი რუკა უკვე 2 მილიონ ინფიცირებულს ითვლის 

აღდგომის მოახლოებასთან ერთად მსოფლიო ეპიდემიური აფეთქების მოლოდინშია. მართლმადიდებლური სამყაროს უმრავლესობა შეთანხმდა, რომ აღდგომის ღამეს ტაძრები დაიხურება, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ბართორომეუს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, ან მაშინ დაეთანხმნენ, როცა ღვთისმსახურებში კორონავირუსმა შეაღწია.

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, მსოფლიო პატრიარქის მოწოდება მას შემდეგ გაიზიარა, რაც კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსის პანდემიით ათობით სასულიერო პირი დაინფიცირდა, გასული დღეღამის განმავლობაში გარდაიცვალა 2 სასულიერო პირი. ამ დროისთვის ტაძრის შესასვლელს ბოქლომი ადევს, იქ მრევლი 2 კვირის განმავლობაში ვეღარ შევა.

52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები - საბერძნეთში აღდგომისას მოსახლეობის სახლში დარჩენას სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ. "ასოიეთიდ პრესის" ინფორმაციით, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს ქვეყანაში მიღებული უპრეცენდენტო ზომაა. საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დღესასწაულზე ეკლესიებში არ წავიდნენ და არ შეიკრიბონ.

სერბეთის საპატრიარქომ ეკლესიები საკუთარი სურვილით დაიხურა. ქვეყანაში პანდემიას 103 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 5 000-ზე მეტი. სერბეთის მთავრობა და ეკლესია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრება.

მართლმადიდებელ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს რუსეთის პატრიარქი და სრულიად რუსული სამღვდელოება. როგორც მართლმადიდებლური სამყაროს უმრავლესობამ, რუსეთის საპატრიარქომაც COVID-19 გლობალურ საფრთხედ აღიარა.

"თუკი ჩვენ ვართ ნამდვილი ქრისტიანები, უსიტყვოდ ყურად ვიღებთ სრულიად რუსეთის კათალიკოს პატრიარქ კირილის მოწოდებას და დავრჩებით სახლში,"- აცხადებს მოსკოვის მიტროპოლიტი, ვლადიმირ დუხოვიჩი.

აღდგომის კვირასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს იერუსალიმის პოლიცია, ქალაქში აკრძალულია ნებისმიერი სახის თავყრილობა, მათ შორის რელიგიური ცერემონიების გამართვა. ქალაქის უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეების გადაადგილებას დრონებით აკვირდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელში COVID-19-ით ინფიცირების 13 000 მდე შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 140 ადამიანი.

"ისრაელის პოლიცია აგრძელებს კარანტინის რეჟიმში მუშაობას, სამართალდამცავებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში თანამედროვე ტექნიკა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, დრონებით შესაძლებელია, როგორც ქუჩაში გადაადგილების კონტროლი, ასევე მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებში არსებული სიტუაციის შემოწმება. ყველამ უნდა გაიგოს, რომ კარანტინი და მკაცრი წესები მათივე უსაფრთხოებისთვის დაწესდა,"- აღნიშნავს სრაელის პოლიციის პრეს-სპიკერი, მიკ როზელფილდი.

რიგებია ბარსელონის მორგთან. კრემატორიუმი სადაც 4 ღუმელია, 24-საათიან რეჯიმში სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა გარდაცვლილთა ახლობლებს საკუთარი მიცვალებულის კრემაციისთვის საათობით უწევთ ლოდინი. ბარსელონას დამკრძალავმა ბიურომ დღეს 500 კუბო მიიღო, თუმცა თანამშრომლები ამბობენ, რომ მორგს გაცილებით მეტი გვამის მიღება მოუწევს. ბარსელონაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა. ესპანეთში კი  კორონავირუსის 183 000-მდე შემთხვევაა, ლეტალურად კი 19130-ს სიცოცხლე დასრულდა. 

"ჩვენ კოლეგები ხშირად რთულ სიტუაციაში ხვდებიან, მიცვალებულის ახლობლები მოითხოვენ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ჩვენებას, რაც პანდემიის პირობებში სასტიკად აკრძალულია, ძალიან მძიმე სიტუაციაა, მათ საკუთარ ახლობლებთან გამომშვიდობების საშუალებაც არ აქვთ," - აცხადებს  ბარსელონას დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი აღმოსავლეთ ევროპაში ახალ აფეთქებას ელოდება. დოქტორი ვან კლუგი ამბობს, რომ ეს მოლოდინი თურქეთის, უკრაინის, ბელარუსსა და რუსეთთან დაკავშირებით არსებობს.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები