30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ხვალიდან 10 დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქში, სასაფლაოებზე მისვლა შეიზღუდება

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.

"მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი," - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ტრადიცია, რომლის მიხედვითაც აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს ჭირისუფლები ახლობლების საფლავებზე მიდიოდნენ, წელს ვერ შესრულდება.

კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის სასაფლაოებიც დაიკეტება. განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გააკეთა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოსახლეობა დადებითად აფასებს.

უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ქუთაისისა და ზესტაფონის სასაფლაოების დროებით დახურვის შესახებაც. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს განხილვა და გადაწყდება, დაიკეტება, თუ არა სასაფლაოები იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში. მისი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღის განმვალობაში იმოქმედებს და მკაცრად გაკონტროლდება. შეზღუდვა შეეხება, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში არსებულ სასაფლაოებს.

საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, სასაფლაოები კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებშიც დაიხურება. შეზღუდვა მოსახლეობისთვის მძიმეა, თუმცა გასათვალისწინებელია.

შეზღუდვები წესდება დედაქალაქის სასაფლაოებზეც. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულის პერიოდში კონტროლიც მკაცრი იქნება.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, ხელი არ შეუწყონ ვირუსის ქაოტურ გავრცელებას, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვება. ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერში" გააკეთა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა სასაფლაოებზე მასობრივ თავშეყრას მოჰყვეს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად შეასრულონ რეკომენდაციები და უახლოეს დღეებში თავი შეიკავონ როგორც ტაძრებში მისვლისგან, ასევე სასაფლაოებზე გასვლისგანაც.

საქართველო COVID-19-ის გავრცელების პიკშია. სპეციალისტების განმარტებით, თუ მოსახლეობა თვითიზოლაციაში არ დარჩა, კორონავირუსის აფეთქება გარდაუვალია. რამდენიმე ათასი ადამიანის ერთდროულად დაინფიცირებას კი, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუმკლავდება და პროცესის მართვაც გართულდება.

დღის ამბები