30 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ფონდი "ქართუ" 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ "რესპირატორი" სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი "ქართუ" შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.  

წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

"მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო "ქართუს". ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ქართული კომპანია "რესპირატორი" დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. 

დღის ამბები