30 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
2 ათას კაციანი სალოცავი სივრცე ერთობლივი სააღდგომო ღამისთევისთვის  - მამა შალვა კეკელიას ფართის მზადებაში სპორსტმენები დაეხმარნენ

მსოფლიო ჩემპიონები ძიუდოში, სასულიერო პირის თხოვნით სააღდგომო ლიტონიობისთვის 2 ათას ადამიანზე გათვლილ სივრცეს დილიდან ამზადებდნენ. ქართველმა ფალავნებმა სემინარიის ყოფილი შენობა დაასუფთავეს და ტერიტორიიდან ნაგავი გაიტანეს. რამდენიმე სართულიან შენობაში განათება და ხმის გამაძლიერებლები დამონტაჟდება, ადგილზე უკვე დააკრეს სპეციალური სტიკერები, რომლის მიხედვითაც მრევლმა დისტანცია უნდა დაიცვას. ადგილზე მიტანილია 200-მდე სკამი და ასობით პირბადე, რომ მრევლმა მინიმუმ 9 საათის განმავლობაში ღვთისმსახურებაზე გაჩერება თავისუფლად შეძლოს.

ძიუდოისტები სამუშაოებს მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის სასულიერო პირის კურთხევით ასრულებენ, მამა შალვა კეკელიამ აღდგომის ღამისთევის მზადება ჯერ კიდევ საპატრიარქოს ოფიციალური გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დაიწყო. "კურიერს" სანდო წყარო საპატრიარქოდან უყვება, რომ გავლენიანი მღვდელმთავრების შეთავაზება ხელისუფლების მიმართ სწორედ ამაში მდგომარეობს, მრევლი ტაძრის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის მოქმედების დროს - მინიმუმ 9 საათი გააჩერონ და ამისთვის არავინ დაჯარიმდეს.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდებიან სიონის საკათედრო ტაძარში. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეკლესიის კარი არ დაიკეტება, ამბობენ, რომ მრევლს თავად აქვს სურვილი კომენდანტის საათამდე ტაძარში მივიდეს და დილამდე იქ დარჩეს. სამების საკათედრო ტაძარში კი, სააღდგომო სამზადისს შაბათ დილიდან დაიწყებენ, ტაძარში უკვე იციან, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან დეკრეტის წესების დარღვევაა, რის გამოც მრევლი კომენდანტის საათამდე შეკრებას დაიწყებს.

მღვდლებისგან განსხვავებით, ეპარქიების მმართველები დუმილს ამჯობინებენ. გავლენიანი მღვდელმთავრები პატრიარქის გადაწყვეტილებას ელიან და აღდგომის ლიტურგიის სამზადისის გეგმებზე ღიად არ საუბრობენ. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველმა კი დღეს, მრევლს ამბიონიდან მთავრობისა ექიმების რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად ტაძარში მისვლისკენ მოუწოდა.

სასულიერო პირების მხრიდან სააღდგომო გეგმები მიუღებელია ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველის გარემოცვისთვის. საპატრიარქოს მხრიდან დასჯილი მღვდელმონაზონი ანდრია სარია ამბობს, რომ ეკლესია ხელისუფლებას ეთამაშება.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და საპატრიარქო მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იოანე ღვთისმეტყველის სახლების ტაძარში მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული სასულიერო პირი არ მალავს, რომ ტაძარში ბოლოს ხარების დღესასწაულზე ეზიარა, შემდეგ კი იმავე ბარძიმიდან მრევლიც აზიარა, საღამოს სასულიერო პირს ცხელება დაეწყო. საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეორე დღეს ის ტაძარში ისევ მივიდა. ეკლესიაში, სადაც სულ 6 სასულიერო პირი მსახურობს, დეტალები არ იციან, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები ახლა იმ მორწმუნეებს ეძებენ, რომლებიც ტაძარში 7 აპრილს იმყოფებოდნენ.

დღის ამბები