ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და შტატების პრეზიდენტს შორის უთანხმოება გრძელდება. დონალდ ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტა. თეთრი სახლის ლიდერი ორგანიზაციას უსამართლობაში და ჩინეთთან მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
დონალდ ტრამპის თქმით, ჯანმომ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა, რასაც მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საერთო ჯამში ინფიცირებისა დ ფატალური შემთხვევების რაოდენობით შტატები მსოფლიო რუკაზე პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 614 ათასს გასცდა.
ტრამპის მოულოდნელ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ჯანმო და გაერო. ორგანიზაციებში აცახდებენ, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რესურსების შემცირების დრო არ არის. გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიომ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა უნდა გააერთიანოს.
ტრამპს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს ჩინეთი. ქვეყნის საგარეო უწყება ჯანმოს ფინანსურ დახმარებას ჰპირდება. პეკინში აცახდებენ, რომ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტით შტატების პრეზიდენტი კორონავირუსთან გლობალურ ბრძოლაში ყველა ქვეყანას ზიანს აყენებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის კრიტიკის სამიზნეც გახდა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პანდემიის დროს მიუღებელია.
მსოფლიოში კი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიონს გასცდა. იზრდება სტატისტიკა იაპონიაშიც, სადაც ვირუსის პრევენციული ზომების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით შესაძლოა 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს. ქვეყნის დედაქალაქსა და ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა 6 თვით არის გამოცხადებული. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 8 ათასს გადასცდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით პირველი ანტირეკორდი დაამყარა რუსეთმა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 3,388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, რუსეთში ლაბორატორიულად დადასტურებული 24,490 შემთხვევაა. ყველაზე მეტად პანდემიამ დედაქალაქი მოსკოვი დააზარალა. სადაც ამჟამად გადაადგილება საშვების საშუალებით ხორციელდება.
კიდევ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა კიევ-პეჩორის ლავრაში. საერთო ჯამში ლავრაში კორონავირუსი 100-მდე ღვთისმსახურს დაუდგინდა. გარდაცვლილია 3 სასულიერო პირი. უკრაინის მასშტაბით დაავადება 4 ათასამდე ადამიანს აქვს. ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს სპეციალური მიმართვისას მოსახლეობას აღდგომას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
გასულ დღე-ღამეში 602 ადამიანი დაიღუპა იტალიაში. საერთო ჯამში ვირუსი ქვეყანაში 162 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით იტალიას გაუსწრო ესპანეთმა, სადაც ვირუსით 18 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დიდ ბრიტანეთში კი, 24 საათში ვირუსმა თითქმის 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
ჩინეთი კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დატესტვის მეორე ფაზაში გადადის. ჩინეთი პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც პრეპარატის კლინიკური ცდის მეორე ეტაპს გადის და თან ტესტირებას ადამიანებზე ახორციელებს.
ავტორი: ანი მურადაშვილი