30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის ჩაკეტვა - ვის არ ეხება შეზღუდვები

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს მთავრობამ თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლისა და გასვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება 14 აპრილს მიიღო. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში.

მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით შეზღუდვა გარკვეულ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

ბ)  საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

დ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

ე) ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

ვ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

ზ) სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

თ) მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

ი) სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

კ) საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

ლ) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

მ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

ასევე მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს და  მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

 დადგენილება 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან ამოქმედდება.

დღის ამბები