30 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
რა ბედი ელის საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებას - საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მთავარი პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს

საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო კოდექსზე მუშაობა, შესაძლოა, ისევ ჩიხში შევიდეს. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ მმართველი გუნდი 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მიღწეული შეთანხმების შესრულებას არ აპირებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, მათი თქმით, დაკავებული თანაგუნდელების გათავისუფლება იყო. ამის მაგალითად კი 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ასახელებენ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საერთოდ უარი თქვან საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ჯგუფებში მონაწილეობაზე.

"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დაკავებულების გათავისუფლებას - მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და თავადაც არ დაუშვებენ მართლმსაჯულებაში პოლიტიკის ჩართულობას.

საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებას ნაწილობრივ არ იზიარებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში. გარკვეული პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ შეთანხმების ჩაშლაზე საუბარი ნაადრევია.

ერთობლივ დოკუმენტზე ხელმომწერ მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს ამერიკის საელჩოც. დიპლომატიური უწყების განცხადებაშიც ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებაზეა საუბარი.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე დღის ბოლოს საქართველოში ევროკავშირის ელჩის კომენტარიც გავრცელდა. კარლ ჰარცელის თქმით, ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯა 8 მარტის შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკური პოლარიზაციის რისკს ზრდის.

პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მმართველ პარტიაში პასუხობენ და ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა შეთანხმების ერთგულია.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული დოკუმენტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, მომავალი პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება, არჩევნები კი 1 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.

დღის ამბები