30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ცარიელი ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები - მსოფლიო პატრიარქის თქმით, შეზღუდვებით არავის რწმენა არ ილახება

სამი რელიგიისთვის წმინდა ქალაქი - იერუსალიმი კათოლიკეებისთვის წმინდა კვირას ცარიელი ხვდება, კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებულია გზა, რომელიც ჯვარცმად მიმავალმა უფალმა გოლგოთამდე განვლო -ვია დოლოროსაც, სასულიერო პირები ღვთისმსახურებას ცარიელ ტაძრებში აღავლენენ. ისრაელში ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი იერუსალიმში, საკარანტინო ნორმების დაცვას მკაცრად აკონტროლებს, რის შედეგადაც გაუქმდა უამრავი რელიგიური დღესასწაული. დაკეტილია მაცხოვრის აღდგომის ტაძარი.

"უნდა გავიგოთ და თანხმობა განვაცხადოთ, რომ მიღებული შემზღუდველი ზომებით არ ილახება და იზღუდება ჩვენი რწმენა. სრულებით არ კნინდება ტაძრისა და მასში აღსრულებული საიდუმლოებების ცენტრალური როლი" – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სპეციალური მიმართვაში ისაუბრა. მსოფლიო პატრიარქმა მრევლს სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

სულ უფრო მეტი ეკლესია ამბობს უარს სააღდგომო დღესასწაულების აღნიშვნაზე პანდემიის დროს. კორონავირუსის გამო წესები მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობამ შეცვალა. შუა საუკუნეების მიდგომებზე უარს ამბობს და ბევრისთვის გასაკვირად, სიახლეებს არ უშინდება ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქიც. მან, ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის მოთხოვნით, სასულიერო პირებს ურჩია, 13-დან 19 აპრილამდე ღვთისმსახურებები მრევლის დაუსწრებლად ჩაატარონ. რუსეთის დიდ ქალაქებში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლაც აიკრძალა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ აღდგომას საფლავებზე გასვლის პრაქტიკა საეკლესიო ტრადიციას არ წარმოადგენს და საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა.

ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარ ამოცანად რჩება რომის პაპისთვისაც. სწორედ ამიტომ, წმინდა პეტრეს ბაზილიკა აღდგომის კვირას ცარიელი ხვდება, კვირის ლოცვები რომის პაპმა მარტომ აღავლინა. ფრანცისკეს სიტყვები უცვლელია, ის ღმერთს ადამიანთა გულებში იმედის გაჩენას სთხოვს. იმ იმედის გაჩენას, რომელიც კაცობრიობას პანდემიასთან ბრძოლაში გააძლიერებს. ამ დროისთვის, ვატიკანში კორონავირუსი რვა ადამიანს დაუდასტურდა.

უკრაინაში უკვე მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა კორონავირუსით. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში კოვიდ 19-ით არქიმანდრიტი აღესრულა. კიევ-პეჩორის ლავრაში მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. უკრაინის საპატრიარქომ წირვა-ლოცვებზე მრევლის დასწრებაც შეაჩერა. გარდა ამისა, ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო, პოლიციამ სამი მღვდელი დააჯარიმა , 12 პირის შესახებ კი გამოძიება მიმდინარეობს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე ხალხმრავლობას უპასუხისმგებლობა უწოდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 102 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 93 ადამიანი.

კოვიდ 19-ით გამოწვეულმა სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა დააფიქრა ირანის ისლამური რესპუბლიკა და მისი სულიერი ლიდერიც. აიათოლა ალი ხამენეი მზად არის, რამადანისთვის რელიგიური აღნიშვნის ცერემონია გააუქმოს, თუ ამას ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ირანის ხელისუფლება მოითხოვს. ხამენეი მზადაა, ღვთისმსახურება სახლიდან შესრულდეს, რათა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებელი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის მიზეზით არ გაიზარდოს.

კოვიდ -19 ით გარდაიცვალა გუშინ ისრაელის ყოფილი მთავარი რაბინი, ის საავადმყოფოში 7 აპრილიდან იმყოფებოდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო და იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი თავი და მრევლი დაინფიცირებისგან, ონლაინლიტურგიები დღევანდელ მსოფლიოში უკვე ახალი რეალობა გახდა.

დღის ამბები