30 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
"ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს" - ჩინეთი კორონავირუსის ახალი ტალღის საფრთხის მოლოდინშია

კოვიდ-19-ის გავრცელების ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც ბოლო 24 საათში 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რიცხვი 22 000-ს აჭარბებს, ინფიცირების შემთხვევები კი ნახევარ მილიონს გადასცდა. მიუხედავად დრამატულად მზარდი მონაცემებისა, შეერთებული შტატების ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმს, შესაძლოა, მაისიდან დაუბრუნდეს.

აღდგომის კვირის დადგომას ევროპაში რეგულაციების გამკაცრება მოჰყვა, კერძოდ, იტალიაში კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული სანქციების დარღვევის გამო 12 500 ადამიანი დაჯარიმდა, 150 შემთხვევას კი კრიმინალის კვალიფიკაცია მიეცა. მსოფლიოში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიამ პირველი ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა.

სამხედრო ძალების მობილიზების აუცილებლობას არ გამორიცხავს რუსეთის მთავრობაც, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია უარესდება. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 18 000-ს აღემატება. ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ით 148 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება კორონავირუსის თავდაპირველ ეპიცენტრს, ჩინეთში, შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყოს, ქვეყანაში ბოლო 5 კვირაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ადამიანების ნაწილმა საკუთარ თავში გამომგონებლის ნიჭიც აღმოაჩინა და ამ გზით ისინი ახალ გარემოსთან ადაპტაციასაც ცდილობენ, ჩინელმა ცაო ჯანჯიმ შვილისთვის სპეციალური დამცავი კოსტიუმი შექმნა, რათა საჯარო სივრცეში მისი გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

კოვიდ-19-თან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ სამხრეთ კორეას ვირუსთან დაკავშირებით ახალი თავსატეხი გაუჩნდა. ადამიანებს, რომლებიც COVID-19-სგან გამოჯანმრთელდენენ, ვირუსი კვლავ დაუდასტურდათ. მეცნიერები იკვლევენ, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში ვირუსის რეაქტივაცია მოხდა, თუ გამოჯანმრთელებულები თავიდან დაინფიცირდნენ. კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, ამაში დიდ როლს თამაშობს მცდარი ტესტირება. საკითხს ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტები სწავლობენ. სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 25 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესმდივანი მსოფლიოს აფრთხილებს. დევიდ ნაბარო ამბობს,  რომ ჯერ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის. გაურკვეველია ვაქცინის გამოსვლის ზუსტი დრო და შესაბამისად, ყველას მოუწევს დისტანციის დაცვა და რისკჯგუფში შემავალ ადამიანებზე ზრუნვა.

ავტორები - შმაგი ლიპარტელიანი, ირინა ჯორბენაძე

დღის ამბები