30 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ჩაკეტილი სოფლები ქობულეთში, გამკაცრებული საკარანტინე რეჟიმი და თერმოსკრინინგი ყველა ოჯახში

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც "კოვიდ 19"-ით დაინფიცირების ერთ-ერთი დიდი კლასტერია. ვირუსის საფრთხის მიუხედავად, ჩაკეტილ ზონაში საგაზაფხულო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

წითელ ზონაში ამ დროისთვის კორონავირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული. გამოვლენილია 355 კონტაქტი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი ორი ათას ორას ადამიანს ჩაუტარდა. ოთხი საეჭვო პაციენტის პასუხი კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარსაც, რომელსაც კონტაქტი რამდენიმე დღის წინ, ამავე საავადმყოფოში, სხვა ჩივილებით მოთავსებულ პაციენტთან ჰქონდა და მას მოგვიანებით "კოვიდ 19" დაუდასტურდა. ამ დროისთვის ქობულეთის კლინიკა დაკეტილია. შესწავლილია ყველა კონტაქტი, ვისთანაც სანიტარს ურთიერთობა ჰქონდა. მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლინიკის სამედიცინო პერსონალი კოვიდ19-ზე სწრაფი ტესტით შემოწმდება.

შეზღუდვების მიუხედავად, ქობულეთის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის სურსათის დეფიციტი არ არის. ბლოკპოსტეპზე დაწესებული შემოწების შემდეგ, სადისტრიბუციო მანქანები წითელ ზონაში შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

ქობულეთის საკარანტინო ზონაში დღის ბოლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. ტიტე აროშიძე მეწარმეებს მოუწოდებს სურსათზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები თვითნებურად არ გაზარდონ.

ქობულეთის საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ოთხივე სოფელში ჯამში 11 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათი თერმოსკრინინგი კვირის ბოლოს დასრულდება.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს თავდავცის სამინისტროს მეორე ქვეითი ბრიგადა შსს-ს ძალებთან ერთად უკვე მეორე დღეა აკონტროლებს.

დღის ამბები