30 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა ფარსად იქცა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მმართველი გუნდი ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს და შეზღუდვები ყველა ადამიანზე თანაბრად გავრცელდება.

როგორც ბოკერიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა თუ როგორ აპირებს კრიზისის პერიოდის შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებას.

ბოკერიას თქმით, მისი გუნდი სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ გონივრულ შეზღუდვას დაუჭერს მხარს.

"ევროპულმა საქართველომ" მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობას, თუმცა გვქონდა წინაპირობები, რომ ეს უნდა ყოფილიყო ვადიანი, არ უნდა შეხებოდა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს, გარდა შეკრების თავისუფლებისა. ეს პირობები მაშინ დაკმაყოფილდა.

საგანგებო მდგომარეობის შედეგები არის ძალიან მძიმე და ცუდი, შეიძლება ითქვას, რომ ფარსად იქცა საგანგებო მდგომარეობა.

როდესაც ადამიანებს უზღუდავ თუნდაც ლეგიტიმურად საკუთარი ოჯახების შენახვის შესაძლებლობას, მაგრამ ამავე დროს არაფერს არ აკეთებ, რომ ამ ადამიანებს მისცე შესაძლებლობა თავი შეინახონ, ამ კითხვაზე არანაირი პასუხი არ გვაქვს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, რომ უნდა გვქონდეს ანტიკრიზისული გეგმა.

ჩვენ "ევროპულმა საქართველომ" შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ უნდა ჰქონდეს გეგმა და ჩვენი მწყობრი ვარიანტიც შევთავაზეთ. თუმცა არაფერი მსგავსი არ ხდება და ეს არის დიდი პრობლემა და მეორე, იმ შეზღუდვებში, რომელიც დააწესეს, არის აბსურდული შეზღუდვები. მაგალითად, ცოლ-ქმარი დააჯარიმეს ერთმანეთის გვერდზე ჯდომისთვის. მანქანაში ადამიანები ვერ ისვამენ საკუთარ შვილებს.

ასევე გაუგებარია კომენდანტის საათის რაციონალი. ასევე აბსოლუტურად გაუგებარია შერჩევითობა, "სუფთა სახლი" დახურეს და რა ნიშნით შეარჩიეს, რომ დახურეს?! და ბოლოს, ეკლესიაში ირღვევა ელემენტარული ნორმები. რისთვისღაა ეს შეზღუდვები, თუ ყველაზე დიდ რელიგიურ ორგანიზაციაზე არ ვრცელდება?! ამიტომ, ამ პირობებში ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ასე გაგრძელებას აქვს ქვეყნისთვის აზრი. ამ ფორმით ვერ და არ დავუჭერთ მხარს. ეს არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები