ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად 50-ვე შტატი დონალდ ტრამპმა უბედურების ზონად გამოაცხადა. პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულებით, არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივ მთავრობებს ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსება მოსთხოვონ.
დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეპიდაფეთქების შემდეგ შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ, თითქმის 21 ათასს მიაღწია.
ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, სიტუაცია რთულდება იაპონიაშიც, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 714 შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეხუთე დღეა ქვეყანაში ინფიცირებულთა სტატისტიკა რეკორდულად იზრდება. იაპონიაში ახალ კორონავირუსს უკვე 109 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით "კოვიდ-19" 7,460 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 712 შემთხვევა საკრუიზო გემთან - "დაიმონდ პრინცესთან" არის დაკავშირებული.
დიდი ბრიტანეთი აღიარებს, რომ მთავრობამ "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ სათანადო ზომები დროულად ვერ გაატარა, რაშიც ძირითადად ჯანდაცვის უწყების ბრალეულობა იკვეთება. როგორც ქვეყნის საშინაო საქმეთა მდივანი აცხადებს, ვერ მოხდა ვირუსის წინააღმდეგ საჭირო სამედიცინო ინვენტარის მომარაგებაც. დიდ ბრიტანეთში "კოვიდ -19"-ით ინფიცირების რიცხვმა 80,000-სს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვი კი, 10,000-მდე გაიზარდა. საავადმყოფოდან უკვე გაწერეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით საკარანტინო მოთხოვნებს არ იცავენ ჰონგ-კონგში. ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად საჯარო სივრცეში მოსახლეობის მატებაა. ადგილობრივების შეკრებას აკონტროლებენ სამართალდამცავები. დაწესებული შეზღუდვების მიხედვით საჯარო სივრცეში 4-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. მეგაპოლისში კორონავირუსით ინფიცირების 1,001 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 4-ს არ აღემატება.
იტალიაში "კოვიდ 19"-ის ეპიდემიის გამო აღდგომის კვირას ცარიელი ხვდება წმინდა პეტრეს ბაზილიკა, საკვირაო ღვთისმსახურება რომის პაპმა მარტომ აღავლინა.
საკვირაო ლიტურგიაზე მრევლს მიმართა სრულიად რუსეთის პატრიარქმაც, კირილმა მრევლს მოუწოდა, აღდგომის კვირა სახლში გაატარონ და მათ შორის სააღდგომო ღვთისმსახურებას თვალი პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით მიადევნონ.