30 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ერთი პაციენტის დამალული სიმპტომების გამო ჩაკეტილი სოფლები - კიდევ ერთ საკარანტინო ზონად ქობულეთის რაიონი გამოცხადდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელთან საპოლიციო ბლოკ-საგუშაგოები უკვე მოეწყო. გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკების გამო დღეიდან შესვლაც და გამოსვლაც იკრძალება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილზე სიტუაციას თავდაცვისა და საპოლიციო ძალები აკონტროლებენ. "კოვიდ-19"-ის უკონტროლო გავრცელების წყარო, შესაძლოა 62 წლის ინფიცირებული ქალი გახდეს, რომელიც ქობულეთის სოფლებში სტუმრად იმყოფებოდა.

ქობულეთის კლასტერის წარმოქმნის მიზეზს რამდენიმე დაუმორჩილებელი მოქალაქის ქმედებას უკავშირებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. მისი თქმით, კოვიდ ინფექციის მატარებლის მხრიდან, სიმპტომების სავარაუდო დამალვამ რეგიონში სიტუაცია გაართულა.

ამჟამად, ქობულეთის ჯგუფიდან კორონავირუსით ინფიცირებული 20 ადამიანი უკვე მკურნალობს. 187 კი ტესტირების შედეგს იზოლაციასა და კარანტინში ელოდება.

გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმის დროს სოფლებში გადაადგილების საშუალება მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებს ექნებათ. მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე კი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იზრუნებს. პოლიციის მიერ გაკონტროლდება მოსახლეობის მხრიდან იზოლაციის ნორმების დაცვაც. ადგილობრივებს სახლების დატოვება სამეურნეო სამუშაოებისთვის სპეციალური ნებართვით შეეძლებათ.

ეპიდაფეთქების თავიდან ასარიდებლად სოფლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დღეს მიიღო. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მოტივად ქობულეთში ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობა დაასახელა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ჩაკეტვის შემდეგ ეპიდემიოლოგებს რისკჯგუფების გამოვლენისა და პრევენციისთვის მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

აჭარის რეგიონში "კოვიდ19"-ით ინფიცირებული 25 პაციენტი მკურნალობს. აქედან 20 ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.

გახდება თუ არა სოფლების შემდეგ ქობულეთის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმის დაწესება საჭირო, სავარაუდოდ, ახალი შემთხვევების დინამიკაზეა დამოკიდებული.

 

 

დღის ამბები