30 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
თბილისში ორი კლინიკა მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადავიდა - კლინიკები ახალ პაციენტებს დროებით აღარ მიიღებენ

ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში საგანგებო რეჟიმის ამოქმედების მიზეზი გახდა პაციენტი, რომელიც კლინიკაში სულ სხვა ჩივილებით მოათავსეს. განმეორებით ჩატარებულმა ტესტმა კი "კოვიდ -19" დაადასტურა.

პაციენტის სტატუსის მატარებელი გახდა კიდევ ერთი ექიმი. კლინიკა "თიმის" კარდიოლოგს მსოფლიოში გავრცელებული ვირუსი ჯერჯერობით დაუდგენელმა წყარომ გადასდო.

დილიდან კლინიკა "თიმში" დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში "კოვიდ-19" მედიკოსს დაუდასტურდა, ცენტრს მუშაობა სრულად არ შეუჩერებია. კლინიკაში 7 მძიმე პაციენტი რჩება, რომელთაც ის მედპერსონალი ემსახურება, ვისაც ინფიცირებულ კარდიოლოგთან შეხება არ ჰქონია. პარალელურად, ყველა თანამშრომელსა და პაციენტს უტარდება კვლევა კოვიდ ინფექციაზე.

ჯერჯერობით უცნობია, საიდან დაინფიცირდა ექიმი. მას შემდეგ, რაც კარდიოლოგს "კოვიდ 19" ლაბორატორიულად დაუდასტურდა, იზოლაციასა და კარანტინში გადაიყვანეს მისი კონტაქტები. საკარანტინო სივრცეში მოათავსეს ის პაციენტები, რომლებიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. ეპიდემიოლოგები ამ დრომდე ადგენენ იმ პირთა წრეს, ვისთანაც ექიმს შეხება ჰქონდა. იზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორიც.

განსხვავებული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას თბილისის კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც კორონავირუსი სულ სხვა ჩივილით შესულ პაციენტს აღმოაჩნდა.

ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გულის უკმარისობით 80 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. მას პირველადი ტესტით ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი ვირუსი მის მეუღლეს აღმოაჩნდა, განმეორებითი ანალიზი ქალზეც დადებითი აღმოჩნდა. კლინიკაში კონტაქტებს ადგენენ და მუშაობას იმ პაციენტებისთვის განაგრძობენ, ვისი სხვა დაწესებულებებში გადაყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

რამდენად უსაფრთხოა ეს ორი კლინიკა იქ მომუშავე ექიმებისა და სხვა პაციენტებისთვის - ორივე საავადმყოფოს ხელმძღვანელი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ამ დროისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან სრული დახურვის რეკომენდაცია არ მიუღიათ.

კლინიკებში, სადაც ვირუსი ერთ შემთხვევაში მედიკოსს, მეორე შემთხვევაში კი პაციენტს აღმოაჩნდა, ახალ პაციენტებს აღარ იღებენ. ინფიცირებულების კონტაქტების კვლევების პასუხები კი ცნობილი სავარაუდოდ ხვალ დილით გახდება.

 

 

დღის ამბები