30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
გვქონდა თუ არა COVID-19 - საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ დაავადება დეკემბერში გადაიტანა

"გვირგვინოსანი" ვირუსის განადგურებას მსოფლიო რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ცდილობს. ჯერ კიდევ უცნობია, რამდენმა ადამიანმა გაიმარჯვა უხილავ მტერთან ბრძოლაში. ეჭვი, რომ COVID-19-ის ინფექციით გამოწვეული დაავადებისგან უკვე გამოჯანმრთელდა, საქართველოს არაერთ მოქალაქეს აქვს. მათ შორისაა ანკა, რომელმაც დეკემბერში გადატანილი გრიპისმაგვარი დაავადებისა და ახალი კორონავირუსის სიმპტომები ერთმანეთს მიამსგავსა.

ინფექციონისტების ნაწილი პრაქტიკულად გამორიცხავს ვირუსის გავრცელების ასეთ სცენარს, არგუმენტს კი, COVID-19-ის დადასტურებული ფაქტების სტატისტიკით ამყარებს. მათი განმარტებით, ახალი ვირუსის უსიმპტომო ან სხვა რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკით მიმდინარეობის შემთხვევაში, ქვეყანა გაცილებით მძიმე ეპიდსიტუაციაში იქნებოდა და დაავადება დიდ პოპულაციაზე გავრცელდებოდა.

დაუდასტურებელი შემთხვევების არსებობის ვერსიას ლეგიტიმურად მიიჩნევს სპეციალისტთა მეორე ნაწილი. ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე განმარტავს, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა დასაბუთება, მხოლოდ კვლევის საფუძველზეა შესაძლებელი.

კვლევა, რომ ვირუსის იდენტიფიცირების საუკეთესო საშუალებაა, ამას არც დარგის სხვა სპეციალისტები უარყოფენ. რესპირატორული დაავადებების მიმდინარეობისას "კოვიდ-19"-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენას კი, სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ვირუსების გავრცელებით ხსნიან, რომლებიც კლინიკურად ახალი კორონავირუსის მსგავსად მიმდინარეობენ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 200-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. უცნობია, რამდენით გაიზრდება ეს სტატისტიკა იმ შემთხვევაში, თუ ანტისხეულების გრძელვადიანი კვლევა ჩატარდება და დადგინდება, რომ უხილავი მტერი უსიმპტომოდაც გვებრძოდა.

 

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები