30 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1 725 000-მდე გაიზარდა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1 725 000-მდე გაიზარდა. სტატისტიკა მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. სწორედ ამიტომ, ვირუსის პრევენციისთვის ქვეყნების უმეტესობა ზომებს ამკაცრებს. საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა მეზობელ სომხეთში. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვირუსის კონტროლი ვეღარ ხერხდება. სომხეთში ამ დრომდე კორონავირუსი ათასამდე ადამიანს დაუდგინდა.

31 პროვინციაში კარანტინი გამოაცხადა თურქეთმა.   ქვეყანა                                          47 000 ინფიცირებულით მსოფლიო რუკაზე მე-8 ადგილზეა. 14 000-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი რუსეთში, უკრაინაში კი ინფიცირებულთა რიცხვი    2 500-ს გასცდა.

კვლავ რთული მდგომარეობაა შეერთებულ შტატებში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 2 108 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მონაცემებით, შტატებში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. დრამატულად მზარდი მონაცემების პარალელურად, ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ს არ გადააჭარბებს.

შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ინფიცირების დინამიკა კვლავ შემცირებულია ევროპის კონტინენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სახელმწიფოების უმეტესობა იზოლაციაში რჩება, ესპანეთისა და იტალიის ხელისუფლებებმა ეკონომიკის ზოგიერთი სექტორის წარმომადგენლებს მომავალი კვირიდან საქმიანობის გაგრძელების ნება დართეს. იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 570, ესპანეთში კი - 605 ადამიანი დაიღუპა. იტალიას შესაძლოა შეერთებული შტატები დაეხმაროს და სამხედროები გაუგზავნოს. შესაბამისი განკარგულება დონალდ ტრამპმა უკვე გასცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს.

კორონავირუსის შემთხვევების დროულად გამოსავლენად ეფლი და გუგლი ახალ პროგრამაზე მუშაობენ. პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ეფლისა და ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის, ჯანდაცვის უწყებებს საშუალებას მისცემს ინფიცირებული ადამიანებისა და მათი კონტაქტების შესახებ ცნობები მოაგროვონ. ამერიკული კომპანიები საკუთარი იდეის განხორციელებისთვის ბლუთუზის გამოყენებას გეგმავენ.

დღის ამბები