30 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ყველაზე მასშტაბური გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - რას შეცვლის COVID-19 სამყაროში

პანდემიამ არაერთი ლიდერი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამყარო ამ მასშტაბის გამოწვევის წინაშე არ მდგარა. ვირუსმა შეცვალა ადამიანური რეფლექსები და დიდი ალბათობით, გააღვიძებს იმ პოლიტიკურ რეფლექსსაც, რომელიც საფრთხის წინაშე ყველას ერთი აქვს - იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოზე. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ გლობალიზაციის სისუსტეები ნათელი გახადა, ანალიტიკოსთა ნაწილი მსოფლიო პოლიტიკაში პირველ ეტაპზე რადიკალურ ცვლილებებს მოელის, მათ შორის ნაციონალიზმის გააქტიურებას. სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ უკვე ზომიერ ნაბიჯებს მეორე ეტაპზე უნდა ველოდოთ.

ჩაანაცვლებს თუ არა ლიბერალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას ნაციონალისტური ნარატივი და ვიხილავთ თუ არა ახალ ავტოკრატიებს - ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფოებმა ამ მოცემულობაში საკუთარ რესურსებზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციეს. თვითიზოლაციამ აქამდე ღია და ექსპორტზე ორიენტირებული სახელმწიფოები ადგილობრივ წარმოებებზე დააფიქრა. სექტორი 3-ის ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას უჭირს იმის პროგნოზირება თუ რა სახეს მიიღებს მსოფლიო ეკონომიკა კორონას შემდეგ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად 1 თვეში ტურიზმი სივრციდან საერთოდ გაქრა, ის ვარაუდობს, რომ ეკონომიკურ სექტორში ახალი მოწინავე სფეროები გამოიკვეთება.

ეკონომიკაზე საუბარი შეუძლებელია "ევროკავშირის" მომავლით დაინტერესების გარეშე, რომლის წევრმა სახელმწიფოებმაც ჩინეთის შემდეგ ყველაზე მძიმე დარტყმა საკუთარ თავზე მიიღეს. გაჩერებული ბიზნესი, ჩაკეტილი საზღვრები, სოლიდარობის ნაკლებობაში ერთმანეთის დადანაშაულება ევროსკეპტიკოსებს სასაუბრო თემას აძლევს. ასეთია, მაგალითად, ანგელა მერკელის მიმართ ბრალდებები, რომ კორონავირუსის პირობებში საკუთარი გამოსვლები უფრო მეტად გერმანიაზე ორიენტირებული გახადა, ვიდრე გაერთიანებაზე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა, მართალია, ეფექტურობა ვერ გამოავლინა, თუმცა ეს მისთვის სამომავლოდ დამატებითი მოტივაცია გახდება. ის გვიხსნის, რატომაა არასწორი ჯანდაცვის კრიზისში ევროკავშირის დადანაშაულება.

სავარაუდოდ, ევროკავშირისთვის, ისევე როგორც ნატოსთვის, გაფართოების საკითხი დროებით აქტუალობას დაკარგავს, რაც საგულისხმოა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით დასუსტებული სახელმწიფოები ტერორიზმისთვის იქცევა ახალ ინსპირაციად, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სექტორისთვის სახსრების მობილიზების აუცილებლობა დროებით თავდაცვის ხარჯებს შეამცირებს. თუმცა ამ აზრს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც.

ჩინური ვირუსი - ასე უწოდა დონალდ ტრამპმა კორონავირუსს. მისმა ამ ფრაზამ ბევრი იმაზეც დააფიქრა, რომ მსოფლიო ეკონომიკის გიგანტებს, ამერიკასა და ჩინეთს უარესი სცენარის მიხედვით ურთიერთობა სამხედრო დაძაბულობაშიც კი გადაეზრდებათ. აშშ-მ ჩინეთი დაგვიანებული ინფორმირებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. კორონავირუსის შემდეგ დაბრკოლებების წინაშე დარჩენილი ორი სახელმწიფო კონკურენციის რა პირობებში აღმოჩნდება,  უცნობია, თუმცა ანალიტიკოსები ახლა მთავარ საკითხად იმას აყენებენ, რომ ამ სახელმწიფოებმა ერთობლივად უნდა გააგრძელონ მუშაობა.

თეორიები ბევრია, თუმცა ცხადია, რომ კორონავირუსის შემდეგ მსოფლიო აჩვენებს რამდენად ისწავლა საკუთარ შეცდომებზე.


დღის ამბები