30 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ჩაიკეტება თუ არა იმერეთის რეგიონი - ქუთაისში ერთ-ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია

შესაძლოა თუ არა, ლენტეხის მსგავსად, წითელ ზონად იმერეთი გამოცხადდეს. სოფელ შუბანში მცხოვრები თამარ ნატრუაშვილის მეუღლე კარანტინში მას შემდეგ მოხვდა, რაც მასთან კონტაქტში მყოფ მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა.

პაციენტთან კონტაქტში იყო ბაღდათის რაიონის ამავე სოფელში მცხოვრები კიდევ 17 ადამიანი. ახალგაზრდა მამაკაცის ინფიცირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

სანამ სპეციალისტები ინფიცირების ზუსტ წყაროს დაადგენენ, ირკვევა, რომ მამაკაცის მეუღლე ქობულეთიდანაა და ბოლო ორი კვირის პერიოდში სწორედ ზღვისპირა ქალაქში იმყოფებოდა. ქალი შვილებთან და ქმრის მშობლებთან ერთად თვითიზოლაციაშია.

იმერეთის რაიონში დაინფიცირებულმა ბოლო პაციენტმა კლინიკას თავად მიმართა, ცხელების ცენტრში მისულს კი ახალი ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას პნევმონია აქვს.

ვანისა და თერჯოლის შემდეგ ეს ფაქტი იმერეთის რაიონში შიდა გზით COVID-19-ის გადაცემის მესამე შემთხვევაა. თვითიზოლაციაშია თერჯოლის რაიონის კიდევ ერთი სოფლის რამდენიმე ოჯახი. საზანოში, ვანის მუნიციპალიტეტში, დაინფიცირებული პირი იმყოფებოდა. დაინფიცირების პირველწყარო აღნიშნული სამი ფაქტიდან დაზუსტებული მხოლოდ ვანის შემთხვევაშია.

ამ დროისთვის რაიონში სულ 20 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 17 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 3-ს კი საჩხერეში მკურნალობენ.

ჩაიკეტება თუ არა იმერეთის რეგიონი, ეს იმ პირთა წრეზეა დამოკიდებული, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გამოავლენენ.

დღის ამბები