30 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
მედპერსონალი, სასულიერო პირები, ხანდაზმულები - რისკჯგუფების მასობრივი ტესტირება დაიწყო

რისკ ჯგუფების მასობრივი ტესტირება - სწრაფი ტესტები პირველად რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჩაუტარეს, პასუხები კი უარყოფითია. პროტოკოლი 14 დღეში, გადაზღვევის მიზნით, ტესტის განმეორებას გულისხმობს, თუკი შედეგი დადებითი აღმოჩნდება, უფრო ზუსტი პასუხის მისაღებად ჩატარდება უფრო მაღალი სიზუსტის, ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტი (PCR). რაც შეეხება სწრაფ ტესტს, სულ რაღაც 10-15 წუთია საჭირო იმის დასადგენად, არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული.

მთავრობის მიერ დაზუსტებული ალგორითმი დღეს ძალაში შევიდა, ის იმ ადამიანების ტესტირებას გულისხმობს, რომელიც პროფესიულად ყველაზე მეტადაა ადამიანებთან შემხებლობაში, შესაბამისად, რისკიც მაღალია.

ეკლესიებსა და მონასტრებში მყოფი სასულიერო პირები, რომლებიც ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი საეკლესიო დღესასწაულებზე მრავალრიცხოვან მრევლთან კონტაქტობს, რისკის ჯგუფში აღმოჩნდა. მათი დიდი ნაწილი გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს, რადგან საკუთარ თავს რისკის ჯგუფად თავადვე მიაკუთვნებენ, შესაბამისად, წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჯერ არ არის საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია, სასულიერო პირების ნაწილი კომენტარებში ფრთხილობს. მისაღებია თუ არა ეკლესიისთვის სწრაფი ტესტები და როგორ ჩაატარებენ მართლმადიდებლები სააღდგომო ლიტურგიას - ეს კითხვები ჯერ კიდევ ღია რჩება.

სპეციალისტების ნაწილი ამ ეტაპზე სწრაფი ტესტების მასშტაბური მოხმარების აუცილებლობას ვერ ხედავს. ვირუსისგან მთავარი დამცავი ზომა სიფრთხილეა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს დააზუსტა, რომ პოლიციელებსა და სამხედროებს ტესტირებები და თერმოსკრინინგი უკვე უტარდებათ, ჟურნალისტებს ის რისკჯგუფად წესების გულმოდგინედ შესრულების გამო არ მიიჩნევს. 

დღის ამბები