30 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე

ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში 112-ის მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 112 დღეს COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი გახდა, რადგან ის მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია და გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს.

საქართველოს მასშტაბით გრძელდება კლინიკების აქტიური მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მონიტორინგის შედეგებზე მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რაც სისტემატურად გადამოწმდება.  

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება, რაც შეეხება დამატებით შეძენილ სამედიცინო აღჭურვილობას, მათ შორის პირადი დაცვის საშუალებებს, ისინი უახლოეს დღეებში საქართველოში იქნება.
აღინიშნა, რომ რეგიონებში, მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე აქტიურად გრძელდება კონტროლი, მათ შორის მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

აქვე ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შემდგომი განვითარებისა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციების შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ანალოგიური გადაწყვეტილება საბჭომ სხვა ქალაქებთან მიმართებაშიც მიიღოს. 
ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს.

მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, დღემდე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 158 კომპანიაში, რომელთაგან 20-ში ხარვეზები დაფიქსირდა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 150-მდე სხვადასხვა მშენებლობა. 92 ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გაგრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ.
ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

დღის ამბები