30 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ცრუ შეტყობინებების ახალი ტალღა მასონებსა და მკვლელ ვაქცინაზე - ვინ ავრცელებს კონსპირაციულ თეორიების COVID-19-ის შესახებ

კონსპირაციის თეორიების ავტორებს კორონავირუსმა ახალი ინსპირაცია მისცა. ფანტაზია ულევია, ულევია გავრცელების საშუალებებიც. საქართველოს მოქალაქეების ფეისბუკჩატებში, მისი შინაარსით ანტივაქსერული თეორია გუშინ გამოჩნდა - გზავნილი მასობრივ ტესტირებებში და ვაქცინაციაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ეხება, მაშინ, როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ არც კი არსებობს.

ისინი, ვინც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობენ, შეუიარაღებელი თვალით ხვდებიან დეზინფორმაციის კამპანიებს. ასეთია მაგალითად სოფო ოხანაშვილი, "კურიერის" ჟურნალისტი, რომელმაც მსგავსი წერილი არაერთი ადამიანისგან მიიღო, იხილა სხვადასხვა ჯგუფში სტატუსების სახით. ამბობს,რომ თავიდან ძახილის ნიშნებით დაწერილ ტექსტს ყურადღება არ მიაქცია, თუმცა მოგვიანებით მასთან მიბრუნება მოუხდა.

ვის რაში დასჭირდა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, უცნობია. როგორც წესი პირველწყაროს დადგენა საკმაოდ რთული პროცესია, მით უმეტეს, რომ შეტყობინების გაგზავნას მასიური ხასიათი მიეცა. მასობრივ ინფორმაციასა და დეზინფორმაციაზე მომუშავე ანალიტიკოსი, სოფო გელავა ხსნის, რომ კორონავირუსის თემაზე ინფორმაციის გავრცელება ახლა მსოფლიოს მასშტაბის ტრენდია. იხსენებს იმასაც, რომ ყველაზე ძლიერი პროპაგანდის მანქანა, კრემლი, რომელიც მათ შორის ლუგარის ლაბორატორიიდან მომავალ საფრთხეებზე სერიოზული კამპანიის ავტორია, ამ საქმეზე დიდ თანხებს ხარჯავს. თუმცა ამ შემთხვევაში არც გამავრცელებელია ცნობილი და კამპანიასაც საერთაშორისო სახე მიეცა, ამაზე უკვე ავტორიტეტული მედიასაშუალებებიც წერენ.

ფსიქოლოგები "კურიერს" უყვებიან, რომ კორონავირუსი ადამიანის ფსიქიკისთვის ახალი გამოწვევაა, სიღრმისეული ინფორმაცია კი თემაზე სპეციალისტებისგან განსხვავებით, არ აქვთ რიგით მოქალაქეებს, რაც მათ ეჭვებში აგდებთ და არასწორ დასკვნებამდე მიჰყავთ. სწორედ ამიტომ მთავარი რეკომენდაცია ახლა მიღებული ინფორმაციის გაფილტვრაა.

უფლებადამცველი, უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა უფრო მორალურია, ვიდრე კანონიერი. რადგან დღეს საქართველოში დეზინფორმირება, ბევრი სხვა სახელმწიფოს მსგავსად არაა დასჯადი ქმედება, რაც დესტრუქციულ ძალებს დემოკრატიის სიკეთეების ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

პანდემიის დროს ვირუსთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია საქართველოში პირველად არ გავრცელებულა, დაიწყო, თუ არა ამ კონკრეტული საკითხის მოკვლევა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ ყოფილა. 

იმისათვის, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა სტრესმა კიდევ უფრო საშიში ფორმა არ მიიღოს, მოქალაქეების მიმართ მთავარი რეკომენდაცია უცვლელია, რომ მხოლოდ ის ინფორმაცია გაავრცელონ, რომელიც სამედიცინო დასკვნებს ეფუძნება და რომელსაც ზურგს დარგის სპეციალისტები უმაგრებენ.

დღის ამბები