მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დონალდ ტრამპის მხრიდან უკვე ხელმეორედ გახდა კრიტიკის სამიზნე. პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წევრები ჯანმოს მიკერძოებულობასა და ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ.
შტატებს მსოფლიოში ყველაზე მეტი 436 ათასი ინფიცირებული ჰყავს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 15 ათას მიაღწია. ქვეყნის 50 შტატიდან ვაიომინგი ერთადერთი შტატია, სადაც ვირუსისგან სიკვდილი ამ დრომდე დადასტურებული არ არის.
შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, იტალიასა და ესპანეთში წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების შემთხვევების კლებაა დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ, ამ სახელმწიფოების ლიდერები შეზღუდვების შემსუბუქებაზეც საუბრობენ. იტალიის პრემიერის ჯუზეპე კონტეს თქმით, შესაძლოა, მკაცრი ზომები თვის ბოლოს შემსუბუქდეს. იტალიაში ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევების რიცხვმა მხოლოდ 1%-ით მოიმატა, როდესაც გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 7 პროცენტი იყო. ეპიდემიის შემცირების ეტაპზე გადადის ესპანეთიც. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 152 ათასი ადამიანი დაინფიცირდა.
საფრანგეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 541-ით გაიზარდა. დაინფიცირებულია 113 ათასამდე ადამიანი. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - დაიღუპა 938 ადამიანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი კი უკვე მესამე დღეა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მზარდია სტატისტიკა გერმანიაშიც, სადაც ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში 114 ათასამდე გაიზარდა.
მონაცემები იზრდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც. თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 812-ს მიაღწია. რაც შეეხება უკრაინას, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1892 შეადგინა. აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირების 822 შემთხვევაა. გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით აზერბაიჯანს - სომხეთი აღემატება, ამ დროისთვის ქვეყანაში 881 ინფიცირებული და 9 გარდაცვლილია, რუსეთში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს გაცდა, 76 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.
კორონავირუსის შესაძლო ნიშნები ადამიანში შესაძლოა საგანგებოდ გაწვრთვნილმა ძაღლებმა ამოიცნონ. ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ თითოეულ დაავადებას თავისი სპეციფიური სუნი ახლავს, თუ აღმოჩნდება, რომ კორონავირუსიც სუნის მატარებელია, 6 კვირიანი წვრთნის შემდეგ, ძაღლები ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენას შეძლებენ. ეს კი ინფიცირების შემთხვევათა დროულად გამოვლენის მაჩვენებელს გაზრდის.
ეპიდემიის გამო, მთელს მსოფლიოში შეიცვალა სწავლების სისტემაც. დღეს კემბრიჯის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ პატარებს სიურპრიზი მოუწყვეს და ერთ-ერთ დაწყებით სკოლას ვირტუალურად ესტუმრა. სასწავლო დაწესებულებაში ძირითადად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შვილები სწავლობენ. სამეფო წყვილი სასწავლო პროცესში ვიდეოზარით ჩაერთო.
ავტორი: ანი მურადაშვილი