30 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
დონორი ორგანიზაციების მასშტაბური დახმარება საქართველოს - ეკონომიკის სტიმულირებისთვის ქვეყანა მილიონობით დოლარს მიიღებს

COVID 19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირი საქართველოს ერთი წლის განმავლობაში დახმარების სახით 180 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს. ევროპული თანამეგობრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირებისთვის საქართველო რეგიონში ყველაზე დიდ დახმარებას მიიღებს. ქვეყნისთვის გამოყოფილ საგრანტო თანხებზე დღეს "კურიერის" ეთერში კარლ ჰარცელმა ისაუბრა. ელჩის თქმით, ევროპული გაერთიანება COVID 19-ის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ბრძოლას მაღალ შეფასებას აძლევს. ჰარცელმა განმარტა ისიც, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა გრანტისა და დახმარების პაკეტის სახით სულ 250 მილიონ ევროს მიიღებს.

საქართველოს ძალისხმევას დადებითად აფასებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორიც. თუმცა, COVID-19-ის კრიზისის ფონზე გეგმიური ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას პროგნოზირებს. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ბანკი საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დასახმარებლად სოლიდურ ინტერვენციას გამოუყოფს.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საფრთხის ფონზე დღეს საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვეს მსოფლიოს ყველაზე დიდმა საფინანსო და დონორმა ორგანიზაციებმა. ღია წერილში, რომელსაც ხელს აზიის, ევროპის განვითარების ბანკებისა, იბიარდის და სხვა გავლენიანი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ, დიდ თანხებზეა საუბარი.

დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით იბიარდისა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტებთან ვიდეო კონფერენცია გამართა საქართველოს პრემიერმა. პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური სტაგნაციის შესაჩერებლად საერთაშორისო პარტნიორების დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრეს დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მთავრობაში ამბობენ, რომ ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს, რათა ქვეყნის ეკონომიკური რეანიმაცია დაჩქარებული ტემპებით მოხდეს. მთავრობის წევრები განმარტავენ, რომ დონორების დახმარების პარალელურად, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსავლის ეკონომიკურ გეგმაზე უკვე მუშაობს.

მსოფლიო ბანკი, იბიარდი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი - ეს იმ დონორების მცირე ჩამონათვალია რომელთა უმრავლესობაც კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური რყევების შესამცირებლად საქართველოს ასეულობით მილიონ დოლარს გრანტის სახით გამოუყოფს. როგორ დაძლევს საქართველოს განვითარებადი ეკონომიკა ახალ მსოფლიო კრიზისს ახლა ხელისუფლებასთან ერთად COVID-19-ის გავრცელების შეჩერების ტემპებზეცაა დამოკიდებული.

დღის ამბები