30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
84 000 PCR ტესტი და 3 500 საწოლი - როგორ ემზადება საქართველო COVID 19-ის გავრცელების პიკისთვის

როგორ ემზადება საქართველო COVID 19-ის გავრცელების პიკისთვის - ოქროს სტანდარტის PCR ტესტის რაოდენობა ქვეყანაში 12 000-ია, გზაშია კიდევ 18 000. საერთო ჯამში, საქართველოს 84 000 PCR ტესტი ექნება. ამის გარდა, უკვე ადგილზეა რამდენიმე ათასი ტესტი ანტისხეულებზე. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რომლის ცდომილებაც ყველაზე დიდია, საქართველო მათ იშვიათ შემთხვევებში გამოიყენებს.

პიკს, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით 1-2 კვირაში უნდა დადგეს, ქვეყანა 3 500 გამზადებული საწოლით ხვდება. თუ დავამატებთ საკარანტინო ზომებს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას შეუფერხებლად 10 000 პაციენტის მიღება შეუძლია.

სპეციალისტთა მოსაზრებით, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაორმაგდება და 400 დადასტურებულ შემთხვევამდე გაიზრდება.

ინფექციონისტები ვარაუდს ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოთქვამენ. არაოფიციალური ფორმულა ასეთია: COVID 19-ის პიკი ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევიდან მეოთხე-მეექვსე კვირას ფიქსირდება.

H1N1-ის პანდემიის გამოცდილებას ემყარება ინფექციონისტთა ნაწილის ვარაუდი COVID 19-ით დაავადებულ პირთა რიცხვის შესახებ. საქართველოში კორონავირუსით, შესაძლოა, მოსახლეობის 30%-მდე დაინფიცირდეს, თუმცა არა ერთდროულად.

ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერი პროგნოზი შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ შეასრულებენ და სოციალურ დისტანციას არ დაიცავენ.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკს ქვეყანა მომზადებული შეხვდება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პერსონალთან ერთად, ჰოსპიტალური სექტორიც მზადაა პაციენტები მიიღოს და სრულყოფილად უმკურნალოს.

ოფიციალური უწყებების და მედიკოსების გათვლებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება პიკს აპრილის ბოლოს მიაღწევს, მაისის ბოლოსკენ კი მასშტაბს დაკარგავს.

დღის ამბები