30 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ-ნახევარს მიაღწია, დაავადებულთა ერთი მესამედი შეერთებული შტატების მოქალაქეა. ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 13 000-მდე გაიზარდა. წითელ ზონებად რჩება ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის შტატები. 

უმძიმესი სურათია ევროპაში. ყველაზე რთული მდგომარეობის წინაშე ესპანეთი და იტალიაა. ევროპის კონტინენტზე ყველაზე მეტი, 147 000 ინფიცირებული ესპანეთს, ყველაზე მეტი გარდაცვლილი კი იტალიას ჰყავს. მზარდია სტატისტიკა საფრანგეთსა და გერმანიაშიც. საფრანგეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 110 000-ს მიაღწია. გერმანიაში კი 107 000-ს გასცდა.

კორონავირუსის კრიზისის გამო ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ. COVID-19-თან ბრძოლის ფინანსურ პაკეტზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია. საუბარია დაახლოებით 500 მილიარდ ევროზე. პანდემიამ ევროპას განსაკუთრებული ეკონომიკური ზიანი მიაყენა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია. 

ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი. მთავრობის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 55 000-ს გადააჭარბა.

ინდოეთის მოქალაქეებს პოლიცია კარანტინის წესების დაცვას ორიგინალური ფორმით აიძულებს. სამართალდამცველებმა ხელკეტები კორონავირუსის ფორმით ჩაანაცვლეს. ქვეყანაში უპრეცენდენტო კარანტინია გამოცხადებული. ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირებული 5 360 ადამიანია.

მზარდია სტატისტიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. 725-მდე გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა თურქეთში, რუსეთში ეს რიცხვი 63-ს შეადგენს. აზერბაიჯანში - 8, სომხეთში კი 9 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის გამო დაწესებული 76-დღიანი კარანტინი უხანში დღეს დასრულდა. ქალაქი საზღვრებს ხსნის, თუმცა, შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ ე.წ. ჯანმრთელობის მწვანე კოდი ექნებათ მინიჭებული ან დოკუმენტაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ქუჩაში გასვლის აუცილებლობა.

დღის ამბები