30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
მოძალადე ოჯახის წევრებთან ერთად გამოკეტილი ქალები - ვის უნდა მიმართონ ძალადობის მსხვერპლებმა კარანტინის პირობებში

დღეს რუსთავში მორიგი ოჯახური ძალადობის ფაქტი თვითიზოლაციაში მყოფ ქალსა და მის დაზე განხორციელდა. პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მსხვერპლის მეუღლე იყო, ადგილზევე დააკავა.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, თვითიზოლაციაში მყოფ ქალებს მოძალადე ოჯახის წევრებთან სახლში დღეების და კვირების გატარება უწევთ. გამოიკვეთა პრობლემაც - მსხვერპლმა ქალებმა არ იციან დასახმარებლად ვის მიმართონ, რადგან შესაბამისმა დაწესებულებებმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენზე ოჯახში სისტემატურად ძალადობენ და განსაკუთრებით იზოლაციის დროს - ამ კითხვას დღეს დეა გოშხეთელიანმა უპასუხა, 26 წლის ქალი ძალადობის მსხვერპლი წელიწადისა და 10 თვის განმავლობაში იყო, საბოლოოდ მან სამართალდამცველებისა და მედიასაშუალებების დახმარებით თავისი უფლებების დაცვა შეძლო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა გლობალური პანდემიის ფონზე ოჯახური ძალადობის ფაქტების მატებაზე ისაუბრა, სახელმწიფოებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა და მათი დაცვისკენ მოუწოდა.

პანდემიის გავრცელების და თვითიზოლაციის პირობებში საქართველოში ოჯახში ძალადობის ზრდა არ ფიქსირდება, სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უცვლელი მაჩვენებელი აშინებთ ქალთა უფლებადამცველებს. იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ეს არის პრობლემა, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა გრძელდება, თუმცა ამ შემთხვევაში, მათ არ იციან, კარანტინის პირობებში ვის მიმართონ.

სტატისტიკა აშინებთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებმაც ძალადობის პრობლემაზე განცხადებაც გაავრცელეს და შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. "საიას" იურისტი მთავრობას გარკვეული მოდელის შექმნას სთხოვს, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებულობაზე იქნება ორიენტირებული.

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში შესაძლო ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 1480 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მთავრობა ახლა ახალ გამოწვევებზე მორგებული მოდელის შექმნას ცდილობს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების ინფორმირებულობისა და დახმარებისთვის იქნება შექმნილი.

დღის ამბები