30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან.

საუბრის ძირითადი თემა გლობალურ პანდემიასთან გამკლავება იყო. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რაც სოლიდარობის ნათელი გამოვლინებაა.

პანდემიის შედეგების გამკლავების კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის გზით და აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას.

აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან მეტი ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების საჭიროება რეფორმების პროცესში, განსაკუთრებით COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე.

საუბრისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად რეგიონში და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიღწევები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წარმატებებისთვის კარგ ნიადაგს ქმნის.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელზეც პარტნიორობის ახალი ხედვა იქნება წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება პარტნიორობის აქტიურ წევრად და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარება შესაძლებელს გახდის სამიტის გამართვას, რომელზეც შეთანხმდება ახალი ინიციატივები, ევროკავშირისა და დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის კუთხით.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მონაწილეობდნენ.

დღის ამბები