30 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების დრამატულად მატების შემთხვევაში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები სახლში იმკურნალებენ

კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მომავალში შესაძლოა სახლის პირობებში უმკურნალონ. ეს მხოლოდ იმ პაციენტებს შეეხებათ, რომლებსაც ვირუსი მსუბუქი ფორმებით ექნებათ.

მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პაციენტი კლინიკაში იყოს გადაყვანილი, თუმცა თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ქვეყანაში დრამატულად იმატა და დღეში ათობით დადასტურებული პაციენტი იქნება, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები სახლში იმკურნალებენ.

"პაციენტების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის, ეს უდიდესი ნაწილი არის თითქმის 80-82%. შესაბამისად, ამ პაციენტებს მსოფლიოში ძირითადად მართავენ სახლის პირობებში. აქ ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი - აუცილებლად პაციენტს უნდა ჰქონდეს იდეალური შესაძლებლობა თვითიზოლაციის და ოჯახის სხვა წევრებისთვის არ გახდეს ის დაავადების წყარო, და მეორე - ის უნდა იყოს მჭიდრო კავშირში თავის ექიმთან, სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში, მოხვდეს დროულად სტაციონარში," - განმარტავს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

პაციენტების სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით საუბრობს ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი. 

"თუ სცენარი წავიდა დრამატულად, ანუ დღეში დაფიქსირდა ათობით შემთხვევები, გადაივსო სტაციონარები და არ იქნება საშუალება, მივიღოთ საშუალო და მსუბუქი პაციენტები, ამ შემთხვევაში შედგება ალბათ პროტოკოლი და პაციენტები მოთავსდებიან ბინაზე. მაგრამ ალბათ ბინაზე დარჩებიან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. რა თქმა უნდა ამაში ჩაერთვება პირველადი ჯანდაცვა, იმუშავებს ჯახის ექიმების რგოლი, რომელთაც როგორც ვიცი, ამჟამად უტარდებათ ტრენინგი და მომზადებულები იქნებიან," - განაცხადა ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმა. 

დღის ამბები