30 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
რა ფორმით ჩატარდება საქართველოში აღდგომის დღესასწაული - მორწმუნეები პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან

მრევლი სამების საკათედრო ტაძარში დისტანციას დაცვით ლოცულობს. მორწმუნეები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ამ დრომდე მათთვის უცნობია კომენდანტის საათის პირობებში, რა ფორმით შეხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თუმცა მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, უმჯობესია, საღვთო ლიტურგიას თვალი სახლიდან ადევნონ.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვას დღეს კათოლიკოს პატრიარქი არ დასწრებია. მის ნაცვლად მრევლს ამბიონიდან არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა. ილია მეორე კი საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულზე 7 აპრილს ჩაატარებს.

მრევლის მხრიდან მითითებებსა და დისტანციის დაცვა კონტროლდება სხვა ტაძრებშიც. მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა, რომელიც აღდგომის ღამეს, 21:00 საათამდე ტაძარში მრევლის მისვლას და იქ დარჩენას გულისხმობდა. მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ პოზიცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო.

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შესახვედრად ემზადებიან. შეხვედრა საპატრიარქოში ხარებისა და ბზობის დღესასწაულის შემდეგ გაიმართება. მხოლოდ ამის შედეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით აღნიშნავს საქართველოში მართლმადიდებელი მრევლი ბრწყინვალე აღდგომას.

საღვთო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები დაცული უნდა იყოს. ეპისკოპოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ღვთისმსახურება ღია ცის ქვეშ უნდა გაიმართოს, ნაწილისთვის კი ეკლესიის კარის დახურვა მიუღებელია. ეპისკოპოსები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს და პასუხიმგებლობაც თავად უნდა აიღოს.

ეპისკოპოსების ნაწილი ამბობს, რომ მღვდელმთავრებთან შეხვედრამდე, შესაძლოა, ილია მეორე მთავრობის წევრებს შეხვდეს და ამ კონსულტაციის შემდეგ გახდეს ცნობილი, თუ რა ფორმით ჩატარდება აღდგომის მსახურება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში.

დღის ამბები